"პუტინის დასასრულის დასაწყისი" - უკრაინაზე თავდასხმის გამოხმაურებები

ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე იერიში მიიტანეს. რუსეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის „იძულებულია ეს ნაბიჯები გადადგას“, რათა ნატოსა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან რუსეთისთვის არსებული საფრთხეები გაანეიტრალოს. დასავლელი ლიდერები მას დიპლომატიის ნაცვლად სისხლისღვრის გზის არჩევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პუტინს ეს გადაწყვეტილება ძვირად დაუჯდება.

„ამ სევდიან დღეს ერთადერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ეს შეჭრა არის პუტინისა და პუტინიზმის დასასრულის დასაწყისი. ის ვეღარასდროს დაიმორჩილებს უკრაინელებს. ისინი გაუწევენ წინააღმდეგობას . მუდამ!" - მაიკლ მაკფოლი

ვლადიმირ პუტინის განცხადების დასრულებისთანავე, აფეთქებების ხმა გაისმა არა მხოლოდ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ ისეთ დიდ ქალაქებშიც, როგორებიცაა ხარკოვი, ოდესა და კიევიც კი. შეწყვეტილია სამოქალაქო ფრენები, ქვეყანაში საომარი ვითარებაა გამოცხადებული.

ამერიკის ყოფილი ელჩი რუსეთში და სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ და თავისუფალმა სამყარომ რუსეთს შოკისმომგვრელი სანქცები უნდა დააწესოს და სამომავლოდ აღარაფერი „შემოინახოს“.

„ამ სევდიან დღეს ერთადერთი კარგი ამბავი ისაა, რომ ეს შეჭრა არის პუტინისა და პუტინიზმის დასასრულის დასაწყისი. ის ვეღარასდროს დაიმორჩილებს უკრაინელებს. ვერასდროს. ისინი გაუწევენ წინააღმდეგობას ძალით თუ უფრო პასიური გზებითაც - მუდამ!“, - წერს ყოფილი დიპლომატი „ტვიტერზე“.

ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ომი გამოცხადდა, „რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებმა ახლა მათ მომავალ „ნიურნბერგის პროცესებზე“ უნდა იფიქრონ. მათაც იმ მოსამართლეთა მსგავს შეკითხვებს უნდა გასცენ პასუხი. იყვნენ პასუხისმგებელნი მათი ფიურერის გეოპოლიტიკურ ოცნებებსა და დანაშაულებზე“.

ლიეტუვის ახლანდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გებრიელიუს ლენდსბერგისი კი ამბობს, რომ ეს რეგიონული მნიშვნელობის ბრძოლაა.

"პუტინის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე მოითხოვს გადამჭრელ პასუხს. გამოუშვით დაპირებული ეკონომიკური სანქციები, სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე და გაზზე. განათავსეთ ნატოს საპასუხო ძალა პოლონეთსა და რუმინეთში, გააფართოვეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა,
- იან ბრჟეზინსკი

"ჩვენ, ლიეტუვაში კარგად გვესმის, რომ უკრაინა ახლა არა მხოლოდ უკრიანისთვის იბრძვის, არამეს ჩვენთვისაც, რეგიონის, ევროპისა და ყველასთვის დემოკრატიულ სამყაროში. ჩვენი ვალდებულებაა არა მხოლოდ დავსაჯოთ რუსეთი მისი ქმედებებისთვის, არამედ ასევე დავეხმაროთ უკრაინელებს ყველა შესაძლო საშუალებით. ახლა", - წერს ლენდსბერგისი.

"დემოკრატიის განვითარების ფონდის" პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ამბობს, რომ ახლა მთელი მსოფლიო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს.

"ჩვენი ამოცანაა, რომ გავაერთიანოთ თავისუფალი მსოფლიო თავისუფალი უკრიანის მხარდასაჭერად. დადგა ისტორიული პროპორციების მქონე უკრაინის სოლიდარობის პაკეტის დრო, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს ომი პუტინის სისულელე იყოს", - ამბობს უილსონი და "ტვიტერზე" ახლა ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებულ ფრაზას ამატებს "ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით".

ამერიკელი სენატორი მარკ უორნერი, სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბლადიმირ პუტინმა მსოფლიოში ათწლეულების განმავლობაში შემონახული მშვიდობა დაარღვია.

"70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენ თავიდან ვიცილებდით ფართომასშტაბიან ომს ევროპაში. უკრაინაში ამ არალეგალური შეჭრით ვლადიმირ პუტინმა ტრაგიკულად დაასრულა ის ზოგადი მშვიდობა, რაც ათწლეულების განმავლობაში გვქონდა. ახლა ამერიკა და ნატოს წევრი ჩვენი მოკავშირეები უნდა დადგნენ ერთად და გასცენ გადამწყვეტი პასუხი პუტინის მცდელობას, განაახლოს რუსული იმპერია უკრაინელი ხალხის ხარჯზე", - ამბობს სენატორი.

"ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკვლევარი და თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი იან ბრჟეზინსკი წერს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი მზაობის ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს:

"პუტინის არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე მოითხოვს გადამჭრელ პასუხს. გამოუშვით დაპირებული ეკონომიკური სანქციები ისევე, როგორც სრული ემბარგო რუსულ ნავთობზე და გაზზე. განათავსეთ ნატოს საპასუხო ძალა პოლონეთსა და რუმინეთში, გააფართოვეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა", - მოუწოდებს ბრჟეზინსკი დასავლელ ლიდერებს.

ამერიკის ყოფილი ელჩი უკრაინაში, ევროპული უსაფრთხოებისა და განიარაღების საკითხებზე მომუშავე ყოფილი დიპლომატი სტივენ პაიფერი ამბობს, რომ პუტინის ნაბიჯების გებელსსა და ჰიტლერსაც შეშურდებოდათ.

"ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის გაუმართლებელი ქმედების გამართლების მცდელობისას ის გამოგონილ გენოციდზე საუბრობს და "უკრაინის ნაცისტებისგან გაწმენდის" მიზანს სახავს ქვეყნისთვის, რომელშიც დიდი უპირატესობით აირჩიეს ებრაელი პრეზიდენტი", - ამბობს პაიფერი და განმარტავს, რომ ამ თავდასხმას ამერიკის, ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა პარტნიორების მხრიდან კრიტიკული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს. "რუსეთმა უნდა მიიღოს სრული მასშტაბის დარტყმა ფინანსური, ეკონომიკური კუთხით, ექსპორტის კონტროლისა და სხვა სანქციების მიმართულებით. შეკავება წარუმატებელი იყო. დასავლეთმა ახლა მიზნად უნდა დაისახოს მაქსიმალური ტკივილის მიყენება რუსეთისთვის, რათა ნათელი გახადოს, რომ მისი ქმედებები მიუღებელია."

"ატლანტიკური საბჭოს" მკვლევარი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, წარსულში რუსეთისა და უკრაინის მთავრობების ეკონომიკური მრჩეველი ანდერს ასლუნდი ფიქრობს, სანქციების საფუძველზე თუ მათ მიღმაც, პუტინთან, შოიგუსა და ლავროვთან ოფიციალური კონტაქტი აღარავის უნდა ჰქონდეს. მას შემდეგ კი, რაც ვლადიმირ პუტინმა მშვიდობიანი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, საერთაშორისო საზოგადოებამ ამას დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ირანის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციების მსგავსი ზომებით.

ანალიტიკოსების მსგავსად, არაერთი ქვეყნის ლიდერი მიიჩნევს და დებს პირობას, რომ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიებზე თავდასხმა კრემლს ძვირად დაუჯდება.