დასავლეთ ავსტრალიის ერთ-ერთ პროვინციაში, ამ კვირაში მსოფლიოს უდიდესი რადიო ტელესკოპის მშენებლობა იწყება. ასტრონომები ამბობენ, რომ მას ვარსკვლავებზე და სამყაროზე დაკვირვების, ახალი სიგნალების და სიცოცხლის სხვა პლანეტებზე აღმოჩენის საქმეში უნიკალური შესაძლებლობები ექნება.
ტელესკოპს ჰქვია კვადრატული კილომეტრის არეალი, შემოკლებით - SKA (Square Kilometre Array). პროექტში 130 000 ანტენა და 200 სატელიტური თეფში ერთიანდება. ის 2 გიგანტურ და ძალზე მგრძნობიარე ტელესკოპს და გააერთიანებს, რომლებიც ავსტრალიის და სამხრეთ აფრიკის ობსერვატორიებში განთავსდება.
ავსტრალიური ტელესკოპი შედარებით უკაცრიელ ტერიტორიაზე შენდება, შორს ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორებისგან, როგორიცაა კომპიუტერები, მანქანები, თვითმფრინავები... ასტრონომები ამბობენ, რომ ტელესკოპი SKA სხვა ტელესკოპებზე 8-ჯერ უფრო მგრძნობიარე და 135-ჯერ უფრო სწრაფი იქნება.
პროექტს 10-ზე მეტი სახელმწიფო აფინანსებს. მათ შორისაა: ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, კანადა და ბრიტანეთი. მშენებლობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ტელესკოპი ამ დეკადის დასასრულამდე ამოქმედდება.
ახალი ტელესკოპით სამყაროს შესწავლის პროცესში მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ის კაცობრიობას დაეხმარება პასუხი გასცეს რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას: მარტო ვართ სამყაროში? როგორ შეიქმნა პირველი ვარსკვლავები? რა არის "ბნელი ენერგია", მისტიკური ფენომენი, რომელიც კოსმოსურ სივრცეს ავსებს.
Your browser doesn’t support HTML5