რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, არ აკონკრეტებს მიიღებს, თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 69 წლის პუტინი 1999 წლიდან მოყოლებული რუსეთს მართავს, ის ხან პრეზიდენტის, ხანაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს.
2020 წელს კი მის მიერვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც რუსეთის დუმამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა, მას აქამდე არსებული საპრეზიდენტო ვადა გაუუქმდა და საშუალება მიეცა მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. მანამდე, კონსტიტუცია ორი ვადით პრეზიდენტობის შემდეგ კანდიდატს კენჭისყრაში მონაწილეობას უზღუდავდა.
ახალი ცვლილებებით კი მას საშუალება მიეცა ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს, რაც კრიტიკოსებმა ძალაუფლების უვადოდ შენარჩუნების მცდელობად შეაფასეს.
„კონსტიტუციით, მე მაქვს უფლება მივიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში. გავაკეთებ თუ არა ამას, ჯერ არ გადამიწყვეტია... მაგრამ ასეთი უფლების არსებობა უკვე ასტაბილურებს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, რაც ამ ეტაპზე საკმარისია,“_ აცხადებს ვლადიმირ პუტინი.
ასევე ნახეთ: "აშშ-მა არ აღიაროს პუტინი პრეზიდენტად, თუ ის 2024 წელს პოსტზე დარჩება"- ამერიკელი კონგრესმენები30 ნოემბერს გაკეთებულ განცხადებაში პუტინმა მანამდე ამ თემაზე მის მიერ გაკეთებული განცხადებების ნარატივი გაიმეორა. საკონსიტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე ის ხაზს უსვამდა, რომ ქვეყანაში სტაბილურობას თავად ის განაპირობებს. პუტინის მოსაზრებას რუსეთის საკანონმდებლო ორგანოში მყოფი სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებიც იზიარებენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, რუსეთში პუტინის მთავარი კრიტიკოსი და კონკურენტი ალექსეი ნავალნი ჯერ მოწამლეს, შემდეგ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ ქვეყანაში დაბრუნებული დააკავეს და მრავალი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ნავალნის პარტიას კი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვეს.
ბოლო წლის განმავლობაში, რუსეთმა ე.წ. უცხოეთის აგენტის შესახებ კანონიც აამოქმედა, რომელსაც კრემლი როგორც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების, ასევე მედიის წინააღმდეგ იყენებს.