ბერძენი მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ებრძვიან ცეცხლს, რომელიც მეორე დღეა ათენის გარშემო ვრცელდება. ეს ერთ-ერთია იმ ასობით ტყის ხანძრიდან, რომელმაც ამ კვირაში უკვე 20 ადამიანი იმსხვერპლა.
შაბათს, ჩრდილოეთ საბერძნეთში ხანძრების გაჩენის შემდეგ, რომელიც სიცხემ და ძლიერმა ქარებმა კიდევ უფრო გააძლიერა, ქვეყნის მასშტაბით ასობით ადამიანი საკუთარი სახლიდან გაიქცა.
კლიმატური კრიზისის და სამოქალაქო დაცვის მინისტრმა ვასილის კიკილიასმა თქვა, რომ პარასკევის შემდეგ ტყის 355 ხანძარი გაჩნდა, მათ შორის 209 - ბოლო 48 საათის განმავლობაში. მან თქვა, რომ მეხანძრეები მის შესაჩერებლად „ზეადამიანურ ძალისხმევას“ იჩენდნენ.
ასევე ნახეთ: ევროპა ხანძრების და ძლიერი სიცხის პირისპირსახანძრო დაცვის სამსახურმა გამოაცხადა, რომ მეტი კერის გაჩენა იყო შესაძლებელი და პირობები „რთული და რამდენიმე შემთხვევაში ექსტრემალურიც" კი იყო.
ამ დღეების განმავლობაში ათენიდან დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით, 200-ზე მეტი მეხანძრე მოხალისეთა დახმარებით ებრძოდა ცეცხლს, 65 მანქანით და 15 თვითმფრინავით, რომელთა ნაწილიც შვედეთმა და გერმანიამ გააგზავნა. ხანძარი სამშაბათ დილით სოფელ ფილისთან დაიწყო.
სამშაბათის შემდეგ, საბერძნეთის დედაქალაქს კვამლი და ფერფლი ახრჩობს. ოთხშაბათისთვის, მენდიდის ხანდაზმულთა სახლებიდან დაახლოებით 150 ადამიანი სასტუმროებში და ჯანდაცვის სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს. პოლიციამ კი მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება უბრძანა.