დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაციის საქმე - კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და შესაძლო შედეგები

რას ამბობს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას აშშ-ში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე?

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ, შტატის საპრეზიდენტო პრაიმერის კენჭისყრიდან, დონალდ ტრამპის დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის საგანგებო ბრძანება, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე შესაძლოა გაუქმდეს.

რას გულისხმობს შტატის სასამართლოს გადაწყვეტილება და რას ნიშნავს ის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რესპუბლიკური პარტიიდან, ნომინაციის მოწინავე კანდიდატია.

რას ამბობს გადაწყვეტილება?

კოლორადოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა მცირე უმრავლესობამ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს, აეკრძალა შტატში, პრაიმერის კენჭისყრაში მონაწილეობა. სასამართლომ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების მე-3 ნაწილით იხელმძღვანელა, რომელიც „ამბოხებასა და აჯანყებაში“ ჩართული პირების მიერ, ფედერალური თანამდებობის დაკავებას კრძალავს.

ქვედა ინსტანციის სასამართლომ იქამდე დაადგინა, რომ 2021 წლის 6 იანვარს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე მისი მხარდამჭერების თავდასხმის დროს, დონალდ ტრამპის ქმედებები აჯანყებას უტოლდებოდა. მაგრამ, მისი დისკვალიფიკაცია შეაჩერა და მოსამართლემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე ნაწილი პრეზიდენტებზე არ ვრცელდება.

კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილება, აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ განხილვის მოლოდინში შეაჩერა. დონალდ ტრამპმა, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაუყოვნებლივ თქვა, რომ ის გადაწყვეტილების ქვეყნის უზენაეს სასამართლოში განხილვას მოითხოვდა.

შენარჩუნდება თუ არა გადაწყვეტილება?

საქმე უპრეცედენტო სამართლებრივ საკითხს მოიცავს, რომელიც დაკავშირებულია კონსტიტუციის მე-14 შესწორების მესამე ნაწილთან. მესამე ნაწილი, შესწორებაში სამოქალაქო ომის შემდეგ შეიტანეს და ის აქამდე იშვიათად იქნა გამოყენებული.

ბუნდოვანია, როგორი იქნება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. აშშ-ის უზენაეს სასამართლოში კონსერვატიული უმრავლესობა დომინირებს და სამი მოსამართლე დონალდ ტრამპის მიერ არის დანიშნული. ზოგიერთი მათგანი, დიდი ხანია სკეპტიკურად უდგება სასამართლოებისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, რომელიც აშკარად არ არის კანონმდებლობაზე დაფუძნებული.

კოლორადოს სასამართლომ, გადაწყვეტილება 4 ხმით, სამის წინააღმდეგ, ხმათა უმრავლესობით მიიღო.

რას ამბობს თავად ტრამპი გადაწყვეტილებაზე?

დონალდ ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებმა, სასამართლოს გადაწყვეტილებას „არადემოკრატიული“ უწოდეს.

„კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ სრულიად მცდარი გადაწყვეტილება გამოსცა და ჩვენ აუცილებლად მივმართავთ აშშ-ის უზენაესს სასამართლოს“ - თქვა დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა. მან და მისმა მოკავშირეებმა, კოლორადოსა და სხვა რამდენიმე შტატში დისკვალიფიკაციის საქმეები გააკრიტიკეს და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს გადაწყვეტილებას არჩევნებზე?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ-ის უზენაესი სასამართლოს განხილვის შემდეგ, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება შენარჩუნდება, 2024 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგების კონტექსტში, ეს შეიძლება არათანმიმდევრული იყოს, რადგან ტრამპს არ სჭირდება კოლორადოს მოგება და შტატის ძლიერი დემოკრატიული მიდრეკილებების გათვალისწინებით, იქ რესპუბლიკელი კანდიდატის გამარჯვება მოსალოდნელი არც კი არის.

ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმიდან, კოლორადოს 9 ხმა აქვს. 2020 წლის არჩევნებში, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შტატში 13 პროცენტული პუნქტით გაიმარჯვა.

მაგრამ, შესაძლებელია, მსგავსი სარჩელები შევიდეს იმგვარ შტატებშიც, რომელთა მოგება, დონალდ ტრამპს, საბოლოო გამარჯვებისთვის დასჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არც ერთი სასამართლო არ იქნება ვალდებული, კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიაროს, მიმომხილველთა ნაწილი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, მოსამართლეთა ნაწილი საქმეს ყურადღებით შეისწავლის და საკუთარ დასკვნებს გამოიტანს.

დისკვალიფიკაციის სხვა საქმეები

ამომრჩეველთა და ადვოკატირების ჯგუფებმა, დონალდ ტრამპის კენჭისყრაში დაბლოკვის მიზნით, სარჩელი 12-ზე მეტ შტატში შეიტანეს. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათგან სულ მცირე 7 შემთხვევაში, საქმემ მარცხი განიცადა.

მიჩიგანის, ნიუ-ჰემფშირისა და ფლორიდის სასამართლოებმა, პროცედურული და იურიდიული საფუძვლებით, მსგავსი საქმეები გააუქმეს. ზოგიერთ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება, ცალმხრივად დაბლოკოს კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენიდან.

დისკვალიფიკაციის საქმე ასევე უარყო მინესოტის უზენაესმა სასამართლომ.