ჩინეთში ახალი კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, ექსპერტები შიშობდნენ, რომ ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის, ვირუსის პანდემია კატასტროფული შედეგებით განვითარდებოდა. თუმცა, ამ დრომდე, სიკვდილიანობის ყველაზე მეტი შემთხვევა ევროპის შედარებით მდიდარ ქვეყნებში და შეერთებულ შტატებში აღირიცხა.
ექსპერტები ამის მიზეზების შესახებ რამდენიმე ვარაუდს გამოთქვამენ:
პირველი - ტესტირების ნაკლებობაა. მეცნიერები ამბობენ, რომ მტკიცებულების არქონა არ ამტკიცებს მის არარსებობას. ბევრ, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყანას, ტესტირების და ინფიცირებული ადამიანების აღმოჩენის საშუალება არ გააჩნია და დაავადება შეუმჩნევლად ვრცელდება.
მეორე - კავშირების ნაკლებობაა. იმ ქვეყნებს, სადაც კორონავირუსმა თავიდანვე შეაღწია, ვირუსის წარმოშობის ქვეყანა - ჩინეთთან, ყველაზე მეტი კავშირი აქვთ. სავარაუდოდ, პანდემია სხვა ადგილებამდეც მიაღწევს, მაგრამ ეს რამდენიმე კვირით დაგვიანდება. როდესაც პანდემია მათთან მივა, განვითარებად ქვეყნებს დემოგრაფიული კუთხითაც ერთგვარი უპირატესობა ექნება. აფრიკის მოსახლეობის 60 პროცენტზე მეტი 25 წლამდე ასაკისაა, 60 წელს გადაცილებული კი 5 პროცენტზე ოდნავ მეტია. აზიაში ეს ციფრი დაახლოებით 12 პროცენტია. ევროპაში კი 60 წელს გადაცილებული ადამიანები მოსახლეობის 24 პროცენტს შეადგენს, ჩრდილოეთ ამერიკაში - 21 პროცენტს.
მესამე - მოსახლეობის სიმჭიდროვეა. განვითარებად ქვეყნებში არის რამდენიმე მეგა-ქალაქი, რომელიც ვირუსის გადაცემის ნაპერწკლისთვის დენთის კასრის როლს შეასრულებს, მაგრამ არის ასევე დიდი ტერიტორიები სოფლებით, სადაც სოციალური დისტანცირება უბრალოდ ცხოვრების წესია და ამან შესაძლოა ეპიდემია შეანელოს. მეორეს მხრივ, განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, ცალკეულ ოჯახებში უფრო მეტი და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ადამიანია და თუ იქ დაავადება მივა, ან როდესაც მივა, ამას ვითარების გამწვავება შეეძლება.
კლიმატი, ვირუსის გავრცელებაზე სავარაუდოდ გავლენას არ მოახდენს და სიცხე და მაღალი ტენიანობა მას ვერ შეანელებს. ექსპერტები ამბობენ, რომ როდესაც ვირუსი ამ ქვეყნებამდე მიაღწევს, მათი ჯანდაცვის სისტემები შესაძლებლობების ზღვრამდე სწრაფად მივა.
ხელის დაბანა და სოციალური დისტანცირება, სტრატეგია, რომელსაც განვითარებული ქვეყნები დაავადების აფეთქების შესაკავებლად იყენებენ, აფრიკის სუბ-საჰარის რეგიონში უბრალოდ პრაქტიკული არ არის. ღარიბ სოფლებში და ქალაქის ღატაკ უბნებში წყალი ნაკლებად ხელმისაწვდომია. სახლში დარჩენის ბრძანებები კი, რომელმაც დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკის დრამატული შენელება გამოიწვია, განვითარებად ქვეყნებში შიმშილის ეპიდემიას დაიწყებს.
განვითარებად ქვეყნებში არის ნათელი წერტილებიც, როგორიცაა სენეგალში დაბალი ფასის სწრაფ ტესტებზე მუშაობა და ნიგერიული ეთანოლის ქარხანა, რომელიც ხელის სადეზინფექციო საშუალებებს მასიურად აწარმოებს.