ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევებმა კვლავ მატება დაიწყო და ეს ტესტირების მონაცემების მკვეთრი ვარდნის მიუხედავად ხდება. განცხადება ჯანმომ სამშაბათს გაავრცელა და ქვეყნებს კორონავირუსის მიმართ მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.
აქამდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კოვიდ-19-ზე დადებითი პასუხების რაოდენობა თვეზე მეტი ხნის მანძილზე იკლებდა. თუმცა, ბოლო კვირაში ისევ ზრდა დაიწყო. აზიის რამდენიმე ქვეყანაში ვირუსის აფეთქებაა. ჩინეთის ზოგ პროვინციაში ისევ მკაცრი კარანტინი გამოაცხადეს.
ჯანმოს ექსპერტების აზრით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. მათ შორის სპეციალისტები ასახელებენ როგორც ვირუსის გავრცელების შეზღუდვისთვის მიღებული ჯანდაცვის ზომების მოხსნას, ასევე - ძალზე გადამდები ომიკრონის ვარიანტის და მისი BA.2 ქვევარიანტის სწრაფ გავრცელებას. მთელ რიგ ქვეყნებში ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი ვაქცინაციის დაბალი მონაცემებიცაა, რაც ჯანმოს ეპიდემიოლოგების აზრით, ნაწილობრივ "უზარმაზარი მოცულობის დეზინფორმაციით" არის გამოწვეული.
ასევე ნახეთ: საფრანგეთი კოვიდრეგულაციებს ხსნისსპეციალისტების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ევროპაში დაფიქსირებული ზრდის ფონზე, კონტინენტზე პანდემიის ახალი ტალღა დაიწყოს. მარტის დასაწყისიდან, კორონავირუსის შემთხვევები იზრდება ავსტრიაში, გერმანიაში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში და გაერთიანებულ სამეფოში. სავარაუდოდ, იგივე მოხდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, რის უმთავრეს მიზეზადაც ექსპერტები BA.2 ქვევარიანტს თვლიან.
BA.2 ჯერჯერობით კორონავირუსის ყველაზე გადამდებ სახედ რჩება. თუმცა, პირველადი მონაცემებით, ის სხვებზე მეტი სიმწვავით არ გამოირჩევა.
გლობალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7-13 მარტის კვირაში 8%-ს შეადგენს, 11 მილიონი ახალი შემთხვევით და 43 000 გარდაცვლილით. გავრცელება გაცილებით მაღალია სამხრეთ კორეაში და ჩინეთში, სადაც კორონავირუსის ახალი შემთხვევები 25%-ით, სიკვდილობის მაჩვენებელი კი 27%-ით გაიზარდა.