ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომიკრონის ახალი ტალღა ევროპაში და გახშირებული რეინფექცია


ევროპაში ომიკრონის საფრთხე კვლავ მაღალია. ახალი ტალღა ამ ეტაპზე ევროპის აღმოსავლეთით მიიწევს - განაცხადა სამშაბათს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. გაეროს ჯანდაცვის წამყვაანმა უწყებამ ქვეყნებს ვაქცინაციის და სხვა ზომების გაუმჯობესებისკენ მოუწოდა. ომიკრონი ამ დრომდე კორონავირუსის ყველაზე სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტია, რომელიც დღეისთვის მთელ მსოფლიოში დომინირებს.

ბოლო ორ კვირაში კოვიდ-19-ის შემთხვევები გაორმაგდა სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, საქართველოში, რუსეთში და უკრაინაში - თქვა ჯანმოს ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ. მისი განცხადება ემთხვევა იმ დღეებს, როცა დასავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა უკვე დაიწყო, ზოგი კი ახლა იწყებს. ზომების შემსუბუქებას აღმოსავლეთ ევროპაშიც იწყებენ. ჩეხეთი და პოლონეთი მიანიშნებს, რომ მარტში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება, თუკი ინფიცირების მაჩვენებლების კლება გაგრძელდა.

„ომიკრონის ტალღების მიქცევ-მოქცევის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ დელტა აღმოსავლეთში კვლავ ფართოდ ცირკულირებს, სიტუაცია შემაშფოთებელია და ახლა არ არის დრო იმ ზომების შემსუბუქების, რომლებიც ვიცით, რომ კოვიდ-19-ის გავრცელების შეზღუდვის მხრივ მუშაობს“ - განაცხადა კლუგემ. მან მთავრობებს მოუწოდა, დაადგინონ ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლების მიზეზები. 60 წლის ზევით მოსახლეობაში აცრილთა რაოდენობა განსაკუთრებით დაბალია ბოსნია და ჰერცოგოვინაში, ბულგარეთში, ყირგიზეთში, უკრაინაში და უზბეკეთში, სადაც ამ ასაკობრივ ჯგუფში 40%-ზე ნაკლებია აცრილი.

ვაქცინაციის აუცილებლობის გარდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხაზს უსვამს ისეთი ზომების შენარჩუნების მნიშვნელობას, როგორიცაა სწრაფი ტესტების ხელმისაწვდომობა და პირბადეები. ჯანმოს მონაცემებით, კოვიდ-19-ის გართულებებით ევროპის რეგიონში მარტო ბოლო ერთ კვირაში 25 000 ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსის ახალ ტალღებს ხელს რეინფექციის გახშირებაც უწყობს. სამეცნიერო კვლევები ომიკრონით ხელმეორედ ინფიცირების უფრო ხშირ და დროის ინტერვალშიც უფრო ხანმოკლე განმეორების შემთხვევებს ადასტურებს. წინასწარი მონაცემებით, კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის შემთხვევაში, ადამიანის ორგანიზმის იმუნიტეტით განპირობებული თავდაცვა ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ალფას, ბეტას, დელტას, ან სხვა პირველადი ვარიანტების შემთხვევაში.

კვლევა, რომელიც ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა სამეცნიერო გამოცემაში „ახალი ინგლისის სამედიცინო ჟურნალი“, აჩვენებს, რომ სარს-კოვ-2 ვირუსით ინფიცირების შემდეგ, თავდაცვა ომიკრონის შემთხვევაში, მანამდე ყველაზე მეტად გავრცელებულ დელტა ვარიანტთან შედარებით, 36%-ით ნაკლებია. ამ ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის ინფექციის გადატანის შემდეგ, ვარიანტებს შორის განსხვავება რეინფექციისგან ორგანიზმის დაცვაში შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ალფა იცავს 90.2%-ით
  • ბეტა იცავს 85.7%-ით
  • დელტა იცავს 92%-ით
  • ომიკრონი იცავს 56%-ით

თუმცა, იმავე კვლევის მიხედვით, ომიკრონის შემთხვევაში კარგი ამბავია ის, რომ ორგანიზმის მიერ პირველი ინფიცირებისას გამომუშავებული იმუნიტეტი, კარგად იცავს მას მწვავე დაავადების, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილისგან. ამ ტიპის თავდაცვის მონაცემი ომიკრონის შემთხვევაში ჯერჯერობით მაღალია და 87.8%-ს შეადგენს.

ომიკრონის წინააღმდეგ ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილისგან ორგანიზმს ასევე კარგად იცავს კოვიდ-19-ის ვაქცინის დამატებითი დოზა. ამერიკელმა მეცნიერებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ მრნა ვაქცინების შემთხვევაში (მაგ. „ფაიზერ-ბიონტექი“ და „მოდერნა“), მესამე, ე.წ. ბუსტერ-დოზით აცრა ორგანიზმისთვის ომიკრონის წინააღმდეგაც საუკეთესო თავდაცვას წარმოადგენს. მაგრამ, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით 4 თვეში ვაქცინით განპირობებული თავდაცვა იკლებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ავადობის და სიკვდილობის ყოველკვირეული ანგარიში, რომელიც 11 თებერვალს გამოქვეყნდა, ამბობს, რომ ომიკრონის შემთხვევაში, ბუსტერ-დოზის ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციის წინააღმდეგ აცრიდან პირველი 2 თვე 91%-ს შეადგენს. მაგრამ, მეოთხე თვეში აცრით განპირობებული თავდაცვა 78%-ზე ჩამოდის.

ომიკრონი უკან იხევს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG