ბრიტანელ კოვიდინფიცირებულებს აღარ ექნებათ ვალდებულება, რომ თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მთავრობა აღნიშნული რეგულაციის გაუქმების საკითხს განიხილავს. ეს ნაწილია გეგმისა, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კაბინეტი "კოვიდთან ერთად ცხოვრების" სახელით ამზადებს. ამავე გეგმის მიხედვით, შემცირდება ტესტირების რაოდენობაც.
ქვეყნის პრემიერმა თქვა, რომ ქვეყანაში სრულდება ყველა იურიდიული აკრძალვა, რომელიც ქვეყანაში კოვიდ პანდემიის გამო მიიღეს. ბრიტანეთში "თავს დავიცავთ ერთმანეთის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე",- თქვა ჯონსონმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
"მე არ ვამბობ, რომ სიფრთხილე ქარს უნდა გავატანოთ, მაგრამ ახლა ის დროა, როდესაც ყველამ უნდა დაიბრუნოს თავდაჯერება",- უთხრა ჯონსონმა ინტერვიუში ტელეკომპანია "ბი-ბი-სის".
მთავრობის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან მალევე, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი გაიზრდება და მომავალი სხვა შტამებისადმი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას შეამცირებს.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბრიტანეთში 12 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის 85%-ს ვაქცინის ორივე დოზა მიღებული აქვს. მოსახლეობის თითქმის ორ მესამედს კი ბუსტერ-დოზაც აქვს გაკეთებული.