შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ხელახალი შემოტევის პირობებში, თეთრი სახლის აპარატის უფროსმა მარკ მედოუსმა განაცხადა, რომ ქვეყანა ”პანდემიის კონტროლს არ აპირებს.”
მედოუსმა ”სი ენ ენ”-ს უთხრა, რომ “ჩვენ ვაპირებთ ვაკონტროლოთ ფაქტი, რომ გვექნება ვაქცინები, თერაპიები და სხვა შემამსუბუქებელი საშუალებები.”
ტელეწამყვან ჯეიკ ტეპერთან მწვავე ინტერვიუს დროს, მედოუსმა არჩევნებამდე ცხრა დღით ადრე, ტრამპის მიერ შეერთებულ შტატებში პანდემიის მართვა გაამართლა.
“დღეს სადაც ვართ, ბევრად უკეთესი ვითარება გვაქვს. ეს ყველაფერი პრეზიდენტმა გააკეთა” - თქვა მან. ამავდროულად ის ამტკიცებდა, რომ ბაიდენი “ყველას გამოკეტავდა."
ბაიდენმა, რომელიც ეროვნული და შტატების მასშტაბით ჩატარებული გამოკითხვების უმეტესობის თანახმად, საკვანძო შტატებში ტრამპს უსწრებს, პრეზიდენტის მიერ კორონავირუსის მართვა დაუყოვნებლად გააკრიტიკა და თქვა - პრეზიდენტმა დაამტკიცა რომ დაავადების აფეთქების მართვა არ ძალუძს.
ბაიდენმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ “მიდოუსს ეს შემთხვევით არ წამოსცდა. ეს იყო იმის გულწრფელი აღიარება, თუ კრიზისის დასაწყისიდანვე პრეზიდენტ ტრამპის სტრატეგია რას წარმოადგენდა: აეფრიალებინა დამარცხების თეთრი დროშა და იმედი ჰქონოდა, რომ მისი იგნორირებით ვირუსი უბრალოდ თავად გაქრებოდა. ის არ გაქრა და ის არ გაქრება... პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციას დიდი ხნის წინ უნდა მოესმინა მეცნიერებისთვის, ემოქმედა და საბოლოოდ, სერიოზულად მიეღო ვირუსის საფრთხე, რომელიც ყოველკვირეულად ათასობით სიცოცხლეს იწირავს, ამსხვრევს ჩვენს სკოლებს და მილიონობით ამერიკელს სამსახურის გარეშე სტოვებს.”
ამ დროისთვის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვალებების ყველაზე დიდი მაჩვენებელი, თითქმის 225 ათასი შემთხვევა აღირიცხა. ინფიცირებულთა რაოდენობამ კი თითქმის 8.6 მილიონს მიაღწია. ყველაზე შემაშფოთებელი ახალი შემთხვევების რიცხვის მკვეთრი ზრდაა. გასულ კვირაში ის 32 პროცენტით გაიზარდა და დღეში 68 ათასზე მეტი შეადგინა, შაბათს კი თითქმის 84 ათასი შემთხვევა აღირიცხა.
ასევე ნახეთ: ამერიკელი უმაღლესი სამხედრო მეთაურები კარანტინში გადავიდნენ
ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი ოფიციალური პირი ამჟღავნებდა არათანმიმდევრულობას, იმ რჩევის მიმართ, რომელიც მთავრობის სამედიცინო ექსპერტებმა პირბადის ტარების და სხვა ადამიანებისგან დისტანცირებას შესახებ გასცეს. შაბათ საღამოს, ოფიციალურმა პირებმა გამოაცხადეს, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის კანცელარიის უფროსი მარკ შორტი და პენსის კიდევ რამდენიმე თანაშემწე ვირუსით დაინფიცირდა.
ტრამპი ყოველდღიური კამპანიის ფარგლებში პოლიტიკური შეხვედრებით არის დაკავებული, სადაც პირბადე მის მხარდამჭერთა მხოლოდ მცირე ნაწილს უკეთია, ხშირად მხოლოდ იმ რამდენიმე შემაღლებულ რიგში მსხდომთ, რომლებიც ტრამპის უკან სხედან და ტელეკამერების ობიექტივებში ხვდებიან და არა მათ, ვინც პრეზიდენტის წინ არიან.
მედოუსმა თქვა, რომ ტრამპის კამპანია შეხვედრების დროს პირბადეებს არიგებს, მაგრამ მის გამოყენებას არ ავალდებულებს.
“ეს თავისუფალი საზოგადოებაა” - თქვა მედოუსმა და პირბადის ტარების გადაწყვეტილების მიღება ინდივიდებს გადააბარა. ტრამპი პირბადით საჯაროდ იშვითად ჩნდება, ბაიდენი კი ამას ხშირად აკეთებს და საკამპანიო შეხვედრებს მხარდამჭერების მცირე ჯგუფებთან მართავს ან ამას ვირტუალურად აკეთებს.