თეთრი სახლი დღეს გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, რომელშიც ხაზგასმული იქნება შეერთებული შტატების მიერ კვანტური ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობის და კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით მიღებული ზომები, რამაც მომავალი თაობის სუპერკომპიუტერების დაცვა უნდა უზრუნველყოს.
მოწინავე ტექნოლოგიების მქონე ქვეყნებს შორის დიდი კონკურენციაა კვანტური ტექნოლოგიების განვითარების კუთხით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს მიმართულება ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად, განსაკუთრებით დააწინაურებს ხელოვნური ინტელექტის, მასალათმცოდნეობის და ქიმიის სფეროებს. მათი მცდელობების მთავარ ფოკუსში კვანტური კომპიუტერებია, რომელთაც ოპერირება დაახლოებით მილიონჯერ უფრო სწრაფად შეუძლიათ, ვიდრე დღევანდელ უსწრაფეს სუპერკომპიუტერებს.
ასევე ნახეთ: მეცნიერებმა 3D საგნის 1 000-ჯერ დაპატარავება შეძლეს - რუბრიკა „გალილეო“დღეს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს საპრეზიდენტო განკარგულებას, რომლის მიზანია კვანტური ინიციატივის მრჩეველთა ეროვნული კომიტეტის გაძლიერება. დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ამერიკის მთავრობამ შეკრიბა, თეთრი სახლის უშუალო ხელშეწყობით მუშაობს. ბაიდენის ადმინისტრაცია უახლოესი კვირების განმავლობაში დაასახელებს საბჭოს წევრებს, რომლებიც კვანტური ტექნოლოგიების დაწინაურებაზე იზრუნებენ და ამ მიმართულებას ზედამხედველობას გაუწევენ.
ბაიდენი ასევე მოაწერს ხელს ეროვნული უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც შეეხება კვანტური კომპიუტერების მხრიდან ამერიკის კიბერუსაფრთხოებისთვის შექმნილ, შესაძლო რისკებს. ეს იქნება ერთგვარი გზამკვლევი, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემების დაცვა კომპლექსური კვანტური იერიშებისგან. ამას გარდა, მემორანდუმის საფუძველზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც საჯარო და კერძო სექტორებს შორის ერთგვარი ხიდის ფუნქციას შეასრულებს, კვანტური კვლევების და თანამშრომლობის სტანდარტების შემუშავების და დაცვის კუთხით.