ბოლო დღეებია, თეთრ სახლში დიდი ფუსფუსია. ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციასთან გადამზიდი კომპანიის სატვირთო დგას. მზიდავებს სახლიდან ნივთები გამოაქვთ, მანქანაში აწყობენ და პერიოდულად ვარდების ბაღის ფონზე სამახსოვრო ფოტოებსაც იღებენ.
შენობიდან იქ მომუშავე ადმინისტრაციის წევრების პირადი ნივთებიც გააქვთ. დამლაგებლებს ოთხშაბათს სულ რამდენიმე საათი ექნებათ, რომ თეთრი სახლი მოაწესრიგონ და ის მომავალი პრეზიდენტისთვის მოამზადონ. რეზიდენციაში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო, მათ მაქსიმალური სტერილიზაციისთვის, ჩვეულებრივზე მეტი მუშაობა მოუწევთ.
ტრადიციის მიხედვით, შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტმა სახლი და სამუშაო ოფისი ინაუგურაციის დღეს, 20 იანვრის 12 საათამდე უნდა დაცალოს. სწორედ ამ დროს დადებს ფიცს და გადაიბარებს პრეზიდენტობას ჯო ბაიდენი, რომელიც ამერიკის რიგით 46-ე პრეზიდენტი იქნება.
ასევე ნახეთ: "საუკეთესო დღეები წინაა" - ჯო ბაიდენითუმცა, ჟურნალისტების და ვიდეო კამერების ფოკუსში ახლა თეთრი სახლი არ არის. მთელი მსოფლიოს ყურადღება პრეზიდენტის რეზიდენციიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში მდებარე კაპიტოლიუმისკენაა მიპყრობილი, სადაც ოთხშაბათს ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
ინტერესი დედაქალაქის ცენტრში მდებარე კაპიტოლიუმის მიმართ წელს განსაკუთრებით მაღალია. ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის უპრეცედენტო მობილიზებაა. საიდუმლო სამსახურებთან ერთად, 25 ათასზე მეტი გვარდიელი უზრუნველყოფს ინაუგურაციის უსაფრთხოებას.
ამის მიზეზი 6 იანვრის მოვლენებია, როცა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცების მომენტში, პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ და შენობა დაარბიეს. მომხდარში ათეულობით ადამიანი დაშავდა, დაიღუპა 5 ამერიკელი, მათ შორის ერთი პოლიციელია.
ასევე ნახეთ: ორი დღე ინაუგურაციამდე - უსაფრთხოების და სხვა პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებიტრადიციის მიხედვით, მიმავალი პრეზიდენტი ოჯახთან ერთად, მომავალ პრეზიდენტს თეთრი სახლის კიბეებთან უნდა დახვდეს და მას რეზიდენციაში შეუძღვეს. მაგრამ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ის ოთხშაბათს ჯო ბაიდენის ოჯახს არ უმასპინძლებს და საპრეზიდენტო თვითმფრინავით, რამდენიმე საათით ადრე, ფლორიდაში გაფრინდება.
ტრამპი 20 იანვარს კიდევ ერთ დამკვიდრებულ ტრადიციას დაარღვევს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტი არც ინაუგურაციის ცერემონიაზე დასწრებას გეგმავს. ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო ფიცის დადებაზე იქნება ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, რომელიც ბოლო დღეებია, პრეზიდენტის ფუნქციებს ხშირად ითავსებს.
ასევე ნახეთ: 68%-ს არ სურს ტრამპი მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურად დარჩესამერიკის ახალი პრეზიდენტის ოჯახს წინასწარ ეძლევა საშუალება, შეარჩიოს ავეჯი, თეთრი სახლის დეკორაცია, ფერწერული ტილოები და სხვა აქსესუარები. ეს ყველაფერი იქვე, მერილენდის შტატში მდებარე საპრეზიდენტო საწყობში ინახება.
პირველი ოჯახი კულინარულ პრიორიტეტებთან ერთად, თავად არჩევს ისეთ წვრილმანებსაც კი, როგორიცაა მაგალითად თეთრეული, ან პირსახოცები. თეთრ სახლში მომუშავე პერსონალი ზრუნავს იმაზეც, რომ პრეზიდენტის ოჯახს კარადაში თავისი ტანსაცმელი დაკიდებული დახვდეს და სასთუმალთან, თუ სამუშაო ოთახში, საყვარელი საოჯახო ფოტოებიც კი ედოთ.
პრეზიდენტებს ოვალური ოფისის ავეჯის შეცვლის უფლებაც აქვთ. თუმცა, უმეტესობა ირჩევს ძველისძველ სამუშაო მაგიდას, რომელიც ბრიტანეთის დედოფალმა ვიქტორიამ პრეზიდენტ რუტერფორდ ჰეიესს მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში აჩუქა.