ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა მოხდება თუ ტრამპი უარს იტყვის თეთრი სახლის დატოვებაზე?


მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ტრამპს აქამდე არაერთი განცხადება გაუკეთებია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში მან მინიშნება გააკეთა, რომ 20 იანვარს, იანუგურაციის შემდეგ, თეთრ სახლს დატოვებს.

ის ამით ყველა დანარჩენი პრეზიდენტის მსგავსად, ტრადიციას გააგრძელებს. ამერიკის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, რომ პრეზიდენტს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, თეთრი სახლის დატოვებაზე უარი განეცხადებინოს.

’’ჩვენი სისტემის შექმნის მთავარი მიზანი ის იყო, რომ არ გვყავდეს მონარქი განუსაზღვრელი ვადით. პრეზიდენტს 4-წლიანი ვადა აქვს. თუ მას თავიდან აირჩევენ ძალიან კარგი, მაგრამ, თუ არა, მაშინ ის უნდა წავიდეს“, ამბობს ბრაიან კალტი, სამართლის პროფესორი მიჩიგანის უნივერსიტეტიდან.

ამერიკის კონსტიტუციისა და უზენაესი კანონის მიხედვით, პრეზიდენტი „კაბინეტში უნდა დარჩეს 4-წლიანი ვადის განმავლობაში“.

„მე-20 შესწორება ამბობს, რომ მისი [პრეზიდენტის] ვადა იწურება 20 იანვრის 12 საათზე. ახალი პრეზიდენტი დებს ფიცს და ხდება პრეზიდენტი 20 იანვრის შუადღის 12 საათზე“, ამბობს კალტი. „შუადღის 12 საათზე, ის ადამიანი პრეზიდენტი აღარაა, იმ მომენტში ის უბრალო გამვლელია“, ამბობს პროფესორი.

რა მოხდება, თუ პრეზიდენტი თეთრი სახლის დატოვებაზე უარს იტყვის?

ისტორიკოსი ბრიუს კაკლიკი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ძველი პრეზიდენტი უარს იტყვის თეთრი სახლის დატოვებაზე, მაშინ „ახალი პრეზიდენტი, ინაუგურაციის შემდეგ, საიდუმლო სამსახურს, ან სამხედროებს მოიხმობს იმისთვის, რომ ძველი პრეზიდენტი თეთრი სახლიდან გაიყვანონ“.

გარდა ამისა, თეთრ სახლში ყოფნა ადამიანს არ აქცევს პრეზიდენტად. „პიროვნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ ხდება, ეს კი იმის შედეგია, რაც მანამდე არჩევნების დროს გადაწყდა“, ამბობს კეიტ მასური, ნორსვესტერნის უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი. „კონსტიტუციაში არაფერი წერია იმაზე, რომ [პრეზიდენტი] პირდაპირი მნიშვნელობით თეთრ სახლში უნდა იყოს“, ამბობს მასური.

უმნიშვნელოვანესია ოფიციალური პირებისა და მთავრობის წევრების ნება ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის დროს. სწორედ ამიტომ, ბევრი ფედერალური თანამშრომელი, მათ შორის სამხედროები, საიდუმლო სამსახურების თანამშრომლები და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თანამშრომლები ფიცს დებენ, რომ დაიცავენ კონსტიტუციას. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი პირობას დებენ, რომ აღიარებენ საარჩევნო კოლეგიის მიერ გამოცხადებული კანდიდატის გამარჯვებას.

მასურის თქმით, კონსტიტუციაში ძალიან ზუსტად და დეტალურადაა გაწერილი, როგორ ხდება ახალი პრეზიდენტის არჩევა. იმ შემთხვევაში კი, თუ შენ, პრეზიდენტი ამას არ აღიარებ, მაშინ ფიცს ტეხ, რომელიც ინაუგურაციის დროს დადე.

ისტორიკოსი კაკლიკი ამბობს, რომ პოლიტიკური კულტურისა და საზოგადოებრივი აზრის წონა, და არა კონკრეტული სიტყვები კონსტიტუციაში, არის ის, რაც ხელს უშლის ამერიკის პრეზიდენტებს იმაზე მეტხანს დარჩნენ კაბინეტში, ვიდრე საჭიროა.

„ადამიანს ეს არ გაუვა, მიუხედავად იმისა, რა წერია კონსტიტუციაში“, ამბობს კაკლიკი. „ეს არის კონვენციები, მთავრობის და ტრადიციების საკითხი. იმას ვგულისხმობ, რომ თუ ამას გააკეთებს [თუ პრეზიდენტი თეთრ სახლს არ დატოვებს], მას არავის მხარდაჭერა არ ექნება“.

პროფესორის თქმით, ისეთი დემოკრატიული ტრადიციები, როგორიცაა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა, ამერიკის განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამის ნაწილად აღიქვამენ ამერიკელები საკუთარ თავს. ეს ძვირფასი მონაპოვარი კი ისაა, რასაც ამერიკელი ხალხი ადვილად არ დათმობს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG