ჯეფრი: ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარების შემდეგ, რეგიონში თურქეთის პოლიტიკა არ შეიცვლება

შეერთბული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს დადებული პირობა შეასრულა და ოსმალეთის იმპერიაში, პირველი მსოფლიო ომის დროს სომეხთა ხოცვა-ჟლეტა გენოციდად აღიარა. თეთრმა სახლმა პრეზიდენტის განცხადება სიმბოლურად დაამთხვია სომეხთა გენოციდის ხსენების დღეს, 24 აპრილს. გენოციდის აღიარებამდე ერთი დღით ადრე, თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯებ ტაიპ ერდოღანს დაურეკა და მას აღიარების გეგმაზე წინასწარ შეატყობინა.

თურქეთი ოსმალეთის იმპერიის მიმართ გენოციდის ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბევრი დაღუპული ან პირველ მსოფლიო ომს ემსხვერპლა, ან რუსებმა დახოცეს. ამასთან, ანკარა მსხვერპლის რაოდენობას გაზვიადებულად მიიჩნევს.

თურქეთმა ბაიდენის მიერ გენოციდის აღიარებას ისტორიის შეცვლის ვულგარული მცდელობა უწოდა. განცხადებას გამოეხმაურა პრეზიდენტი ერდოღანიც და თქვა, რომ მისთვის სამწუხაროა ის, რომ ამერიკის პრეზიდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას შიდა პოლიტიკურ თამაშის გამო აზიანებს. თუმცა მან ამერიკასთან, ურთიერთობის ესკალაციისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ მიუხედავად ბაიდენის ამ ნაბიჯისა, თურქეთი მზადაა ამერიკასთან საერთო ინტერესების საკითხებზე ითანამშრომლოს.

რას ნიშნავს სომეხთა გენოციდის აღიარება სომხებისთვის? რა გავლენა შეიძება ჰქონდეს ბაიდენის ამ ნაბიჯს ამერიკა-თურქეთის ურთიერთობაზე? შეიძლება თუ არა შეიცვალოს თურქეთის დამოკიდებულება ამერიკის მოკავშირეებთან ჩვენს რეგიონში, მათ შორის, საქართველოსთან? ამ თემებზე ჯეიმს ჯეფრი საუბრობს. ის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი დიპლომატი, შეერთბული შტატების ყოფილი ელჩი ერაყში და თურქეთში და ეროვნული უშიშროების მრჩევლის ყოფილი მოადგილე იყო. ჯეფრის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა. ​

ბატონო ჯეიმს, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გასულ კვირას პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სომხების გენოციდი ოფიციალურად აღიარა. უკვე წლების მანძილზე, სომეხთა გენოციდის დღეს, ამერიკაში ყოველთვის იწყებოდა საუბარი იმაზე, აღიარებდა თუ არა ამერიკა ოსმალეთის [იმპერიის] მიერ სომეხთა გენოციდს. აღიარება აქამდე არ მომხდარა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რას ნიშნავს ეს აღიარება სომხეთისთვის?

Your browser doesn’t support HTML5

რას ნიშნავს ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარება?

გარკვეული საფასურის გადახდის ხარჯზე, ამ ნაბიჯით ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მუდმივი პრობლემა მოიხსნა. ობამას ადმინისტრაცია, მაშინც როცა მე თურქეთში ამერიკის ელჩი ვიყავი, ცდილობდა ეს საკითხი რამენაირად უმტკივნეულოდ მოეგვარებინა. ბევრი რამ ვცადეთ და ამ ყველაფერს დიდი დრო და დებატები დასჭირდა. ბაიდენმა გადაწყვიტა უბრალოდ გადაეჭრა ეს პრობლემა, დაემთავრებინა ეს დავა და შემდეგ საფეხურზე გადასულიყო. მან განცხადება პირადად არ გააკეთა — წერილობითი განცხადება თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა. ამასთან, ეს განცხადება მკაფიოდ ამბობდა იმას, რომ ჩვენ არავის ვადანაშაულებთ. განცხადებაში სიტყვა თურქეთი ან ოსმალეთის იმპერია ნახსენები არ იყო. ბაიდენმა საკუთარ ამომრჩეველს, ვისაც ეს აღიარება სურდა, პირობა მისცა, რომ ამას გააკეთებდა. არ არსებობს რაიმე ლეგიტიმური გეგმა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თურქეთთან განსხვავებული პოლიტიკის წარმოებას აპირებს. ადმინისტრაცია ჯერ ისევ მუშაობს იმაზე, თუ რა საკითხებზე შეიძლება თურქეთთან თანამშრომლობა და რაზე არა. ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ეს საკითხი გვერდზე გადაგვედო და ურთიერთობა ისე გაგვეგრძელებინა.

რას ნიშნავს ეს აღიარება სომხეთისთვის? ამერიკის გადმოსახედიდან გასაგებია, რომ ვაშინგტონს სურდა ამ საკითხზე დავა ერთხელ და სამუდამოდ დაემთავრებინა. მაგრამ რა მიიღო ამით სომხეთმა და ასევე სომხურმა დიასპორამ ამერიკაში?

დიასპორა და სომხეთი ერთმანეთისგან უნდა გამოვყოთ. სომეხი დიასპორისთვის ამერიკაში და სხვა ქვეყნებში ეს აღიარება იმას ნიშნავს, რომ დადასტურდა მათი წინაპრების სტატუსი, როგორც საშინელი ტრაგედიის მსხვერპლის. ყველა, მათ შორის თურქებიც, ამას ეთანხმება. სომხები, როგორც იცით, სომეხთა გენოციდის აღიარების თემას წლების მანძილზე ლობირებდნენ. თურქები ამბობდნენ, რომ ეს არ იყო გენოციდი, მაგრამ მათ ვერ შეძლეს საკუთარი არგუმენტების დასაბუთება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაც მართალია და ვიღაც არა. უბრალოდ, საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრი ადამიანის უფლებებზე სწრაფად ვითარდება და საზოგადოებაში რჩება. მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს თურქეთის წინააღმდეგ, ეს არ ნიშნავს არაფერს ფაქტების თვალსაზრისით. არავინ ამბობს იმას, რომ მოდით ახლა თურქეთთან ურთიერთობა შევწყვიტოთო.

ასევე ნახეთ: ერდოღანი ბაიდენს "მცდარი ნაბიჯის" გადადგმაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

რაც შეეხება იმას, თუ რას ნიშნავს ეს სომხეთის სახელმწიფოსთვის --კითხვა ისაა, არის თუ არა ქვეყანა დაცული? მისი მეზობელი თურქეთია, ის ჩართულია ძალიან საშიშ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიან ყარაბაღში და ქვეყანა უდიდესი რუსული გავლენის ქვეშაა. ბაიდენის აღიარებით, კავკასიაში გეოსტრატეგიული სიტუაცია ოდნავაც არ იცვლება.

რეგიონის გეოპოლიტიკას დავუბრუნდებით, მანამდე იქნებ ის აგვიხსნათ, თუ რას ნიშნავს გენოციდის აღიარება არა სომხეთისა და თურქეთის კონტექსტში, არამედ ზოგადად?

ძალიან ცოტას. ისტორიაში გვაქვს 30-40 შემთხვევა, როცა მნიშვნელოვანმა ქვეყნებმა, როგორიცაა საფრანგეთი, რუსეთი, შეერთებული შტატები, სხვადასხვა ხალხების გენოციდი აღიარეს, მაგრამ რა შედეგს მიაღწია ამ აღიარებებმა? არაფერს. არ გვქონია შემთხვევები, როცა პირველი ნაბიჯი გენოციდის აღიარებაა, მეორე - გენოციდის ჩამდენთან ან მის მემკვიდრესთან ურთიერთობების გაწყვეტა და მესამე - მის წინააღმდეგ კოალიციის შექმნა. არაფერი ამის მსგავსი ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ამერიკაში სომხურ დიასპორას ისტორიული ჩანაწერის გაკეთება სურდა გენოციდის აღიარებით და ამან დაარწმუნა პრეზიდენტი აღიარების საჭიროებაში.

ასევე ნახეთ: ბოსფორის გვერდის ასავლელი არხის გეგმა და მონტროს კონვენციის მომავალი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარებიდან მალევე თქვა, რომ ამ ნაბიჯით ამერიკა ისტორიის შეცვლას და მის თავიდან დაწერას ცდილობს და რომ ეს არ გამოუვა. ამ განცხადების ფონზე უნდა გავიხსენოთ, რომ თურქეთში საზოგადოების ერთი ნაწილი შეშფოთებულია იმით, რომ აღიარების შემდეგ სომხეთი თურქეთს რეპარაციების გადახდას მოსთხოვს. ზოგჯერ ისმის საუბარი იმაზეც, რომ სომხეთს ტერიტორიების ნაწილის დაბრუნებაც სურს. თქვენი აზრით, შეიძლება ეს მოხდეს?

რა თქმა უნდა, არა. პირველ რიგში, არ იქნება არანაირი ტერიტორიების გადაცემა. ასევე, იქნება ეს ტერიტორიების გადაცემა თუ რეპარაციების გადახდა, ფუჭი ძალისხმევა იქნება. მინისტრ ჩავუსოღლუს სრული უფლება აქვს, როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს და როგორც რიგით თურქს, დასვას კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ამოხდა, რა შეემთხვათ ოსმალეთის იმპერიაში მცხოვრებ სომხებს 1915 წელს. ის საკითხი, იყო თუ არა ეს გენოციდი უკვე დიდი ხანია განიხილება. ბაიდენმა გადაწყვიტა, გამოეყენებინა სიტყვა გენოციდი. თურქეთს კი გადაწყვეტილი აქვს, რომ ამ მოვლენებს გენოციდი არ დაარქვას, მიუხედავად იმისა, რომ ოსმალების მიერ სომხებთან დამოკიდებულებას თავადაც ისე აღწერენ, რომ ეს ოსმალეთის იმპერიის მიმართ სასიამოვნო არ არის. ამას არაფერი აქვს საერთო რეპარაციებთან.

ამერიკა-თურქეთის ურთიერთობები უკვე დიდი ხანია დაძაბულია - მსუბუქად რომ ვთქვათ. ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ დასავლეთს და შეერთებულ შტატებს დაანახოს, რომ საწინააღმდეგო პოზიცია აქვს მნიშვნელოვან საკითხებზე. ამის ერთი მაგალითი თურქეთის მიერ რუსული „ეს-400-ების“ ყიდვა იყო. თქვენი აზრით, რა გავლენა ექნება ამ აღიარებას ამერიკა-თთურქეთის ურთიერთობაზე?

ეს შეკითხვა თურქებისთვისაა. გენოციდის აღიარებით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ სურდა თურქეთისთვის დამსჯელი სიგნალის გაგზავნა. პირიქით, ვაშინგტონს უნდა თურქეთთან თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. მაგალითად, გასულ კვირას, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, თურქეთთან ძალიან ახლოს ვითანამშრომლეთ. ასევე ახლო კოორდინაცია გვაქვს ავღანეთთან დაკავშირებითაც. ყოველდღიურად ვთანამშრომლობთ სირიის და ლიბიის თემებზე, ნატოს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში.

ასევე ნახეთ: ანკარა: S-400-ებზე უარის თქმა პრობლემური იქნება

ორ ქვეყანას შორის სამი ძალიან სერიოზული საკითხია გადასაჭრელი, რომელიც ყველა სხვა საკითხზე მნიშვნელოვანია. „ეს-400-ების“ ყიდვა თურქეთის მთავრობის მხრიდან საშინელი შეცდომა იყო. ამ შესყიდვის გამო ჩვენ თურქეთი „ეფ-35-ები“ს პროგრამიდან გავრიცხეთ, რაც პუტინისთვის უდიდესი გამარჯვება იყო. პუტინს არ სურდა თურქეთს 120 „ეფ-35“ ჰქონოდა, არ სურდა თურქეთსა და ამერიკას შორის სამხედრო ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავებულიყო. ამიტომაც შესთავაზა თურქეთს „ეს-400ები“ და სამწუხაროდ, თურქეთმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. „ეფ-35-ების“ პროგრამიდან თურქეთის გარიცხვა ყველაზე დიდი პრობლემაა. ის მოსაზრება, რომ თურქეთი რუსეთისკენ იხრება, არ მგონია სწორი იყოს. ამას ვერ ვხედავთ სირიაში, ლიბიაში და მთიან ყარაბაღში. რუსული სისტემის ყიდვა მხოლოდ შეცდომა იყო.

ამას ისიც ემატება, რომ ამერიკამ თურქეთთან დაკავშირებულ ორ მტკივნეულ თემას თავი არასწორად გაართვა. ერთი იყო სირიაში ეს-დი-ეფის — სირიის დემოკრატიული ფრონტის მებრძოლების მხარდაჭერა და მეორე - ფეტულა გიულენის ექსტრადიცია. ეს-დი-ეფს რაც შეეხება, 2014 წელს, სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ მოკავშირე გვჭირდებოდა და ქურთი მებრძოლები ამაში დაგვეხმარნენ. სირიაში მათი მხარდამჭერი საჰაერო ოპერაციები ინჩირლიკში მდებარე ამერიკული ბაზიდან ხდებოდა და ეს მოქმედებები თურქეთთან კოორდინირებული იყო. თუმცა, ჩვენ სწორად ვერ გავთვალეთ თურქეთის შეშფოთებები და ასევე ეს-დი-ეფის ლიდერების კავშირები ქურთისტანის მუშათა პარტიასთან.

ასევე ნახეთ: თურქეთი ჩაშლილი პუტჩის მეოთხე წლისთავს აღნიშნავს

რაც შეეხება გიულენს, უნდა ვთქვა, რომ ექსტრადიციის ხელშეკრულება იქნება ეს თუ ამერიკის კანონი, ფაქტობრივად შეუძლებელია ამ კაცის თურქეთისთვის გადაცემა ისე, რომ რაღაც ასპექტი არ დაირღვეს. მე მჯერა, რომ ის თურქეთში დაგეგმილი გადატრიალების უკან იდგა. ჩვენ თურქეთის თხოვნას თავი არასწორად გავართვით. არსებობდა იმის გზები, რომ გიულენის ექსტრადიცია ისე მოგვეხდინა (მოგვეწყო), რომ ჩვენი სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა არ შერყეულიყო, მაგრამ ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. ასე რომ, ჩვენც ვართ დამნაშავეები.

ჩვენ ვერ გამოვასწორებთ „ეს-400-ების“, ეს-დი-ეფისა და ფეტულა გიულენის პრობლემებს, მაგრამ მათ გამოუსწორებლადაც შეგვიძლია კარგი ურთიერთობის ქონა. თურქეთი ე.წ. რეალპოლიტიკის მიმდევარი ქვეყანაა. ის ყოველთვის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული რეალპოლიტიკის მიმდევარი ქვეყანა. თურქეთი საკუთარ საგარეო ურთიერთობებს ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით აწარმოებს და ეს კარგია. თურქეთის ეროვნულ ინტერესებში კი შედის ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან ახლო ურთიერთობა და სამი საფრთხისთვის თავის გართმევა - ჩრდილოეთით რუსეთისთვის, აღმოსავლეთით ირანისთვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისლამისტური ტერორიზმისთვის.

ამ კითხვას ორი ნაწილი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ თქვენი თქმით, თურქეთი რაციონალური მოთამაშე და რეალპოლიტიკის მიმდევარი ქვეყანაა, მას ამერიკა სჭირდება? მეორე ნაწილი კი ისაა, რომ სწორედ ამ რაციონალური მიდგომიდან გამომდინარე, თქვენი აზრით, ეცდება თურქეთი იმ სამი პრობლემიდან რომელიმეს გამოსწორებას, რომლებზეც თქვენ ისაუბრეთ?

ძალიან რთულია ზოგიერთი ამ პრობლემის გადაჭრა, განსაკუთრებით, როცა საქმე ჩვენც გვეხება. ჩვენ მოხარულები ვიქნებოდით იმით, რომ თურქეთმა „ეს-400-ების“ პრობლემა გადაჭრას. ამით ჩვენ მას „ეფ-35-ების“ პროგრამაში დავაბრუნებდით. მაგრამ ისეთი ეფექტური პარტნიორი რუსეთის შეკავებაში, როგორიც თურქეთია, შავი ზღვიდან დაწყებული, ლიბიით დამთავრებული არ გვყავს. ამ ეტაპზე ვფიქრობ საუკეთესო გამოსავალი ის იქნება, რომ ორივე ქვეყანამ მიმდინარე პრობლემები “გაყინული დავების“ კატეგორიაში მოაქციოს და ურთიერთობა შემდეგ საფეხურზე გადაიყვანოს. რაც შეეხება იმას, სჭირდება თუ არა თურქეთს ამერიკა, ვიტყოდი, რომ თურქეთი თანმიმდევრულია იმის ჩვენებაში, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკუთარ მიზნებს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით უფრო მარტივად მიაღწევენ, ვიდრე ჩვენს გარეშე და იგივე შეიძლება ითქვას შეერთებულ შტატებზეც.

თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის მხარესაა. სომხეთისთვის კი რუსეთია მთავარი და სტრატეგიული მოკავშირე. კავკასიაში კონფლიქტში ჩართვამდე, თურქეთი რუსეთთან ორ სხვა სამხედრო კონფლიქტში იბრძვის რუსეთი საწინააღმდეგო მხარეს - სირიასა და ლიბიაში. თქვენი აზრით, რა გათვლებს აკეთებდა თურქეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ასე აქტიურად ჩართვის წინ? ეს კონფლიქტი 30 წელია მიმდინარეობს და თურქეთს ამ დონის სამხედრო აქტივობა მასში აქამდე არ გამოუჩენია. როგორ ახსნიდით ამას?

ვფიქრობ, ეს მინსკის პროცესის მიმართ ნდობის დაკარგვა იყო. აქ ორ პრობლემასთან გვაქვს საქმე. ერთი მთიანი ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრაა — უშუალოდ იმ ტერიტორიის, რომელზეც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ცხოვრობს. მეორე პრობლემა კი იმ ტერიტორიების სტატუსია, რომლებიც სომხურმა შენაერთებმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობისგან დაიპყრეს. კონფლიქტის საერთაშორისო დონეზე გადაჭრის თვალსაზრისით, პრობლემის არსი არ შეცვლილა. აზერბაიჯანი დღეს უფრო ძლიერ პოზიციაშია ვიდრე აქამდე, მაგრამ ახლა რუსეთი უფრო აქტიურ როლს თამაშობს. რუსეთს ორივე ქვეყანასთან კარგი ურთიერთობა აქვს, მაგრამ სომხეთთან უფრო ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს. ჯერ უცნობია რა მოხდება, უნდა მოვიცადოთ და ვნახოთ. ერთი რამ რაც ვიცით, ისაა, რომ ბოლო დაპირისპირებიდან აზერბაიჯანი გამარჯვებული გამოვიდა და მასთან ერთად, არაპირდაპირ, თურქეთმაც გაიმარჯვა.

თურქეთი ნატოს გაფართოების და საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოკავშირეა. საქართველოს ნატოში წევრობას ამერიკაც აქტიურად უჭერს მხარს. თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა შეერთებული შტატების მიერ სომხების გენოციდის აღიარებას რაიმე გავლენა ჰქონდეს თურქეთის პოზიციაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით?

ამით კავკასიაში თურქეთის ზოგადი პოლიტიკა არ შეიცვლება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ აზერბაიჯანთან და საქართველოსთან რაც შეიძლება კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ასევე ვფიქრობ, თურქეთი სომხეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების წინააღმდეგი არ იქნება და ეს ძირითადად იმის გამო, რომ კავკასიაში რუსეთის და განსაკუთრებით ირანის გავლენა შეამციროს. თურქეთის საგარეო პოლიტიკა ძირითად შემთხვევაში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის პარალელურია.

არ მგონია თურქეთმა რეგიონში პოლიტიკა შეცვალოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თურქეთის მხარდაჭერის საფუძველზე, საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანდებიან. ამისთვის ძალიან ბევრი სხვა რამ უნდა მოხდეს და თან, ნატოს გაფართოებას ახლა რამდენიმე ჩვენი ევროპელი მოკავშირე ეწინააღმდეგება. თურქეთის მოქმედებები მთლიანი პროცესის ნაწილია. ანკარას სურს უკრაინელებს, ქართველებს, ზოგადად რეგიონის ქვეყნებს დაანახოს, რომ მათ მეგობარი ჰყავთ და რომ მათ არჩევანი აქვთ. ამ პროცესის ნაწილი ისიცაა, რომ რუსეთს დაანახოს, რომ მის აგრესიულ ნაბიჯებს შედეგები მოჰყვება, ისეთ ნაბიჯებს, როგორიც 2014 წელს უკრაინაში და 2008 წელს საქართველოში შეჭრა იყო. თურქეთი ბევრი მიმართულებით ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობს.