გლობალური გიგანტი კომპანიები რუსეთს ტოვებენ

"ბრითიშ პეტროლიუმის" ბენზინ-გასამართი სადგური მოსკოვში

მზარდი კომპანიების სიას, რომლებიც რუსეთს ტოვებენ, შეუერთდნენ ენერგო-გიგანტი "ბრითიშ პეტროლიუმი", გლობალური ბანკი HSBC და თვითმფრინავების გამქირავებელი უდიდესი ფირმა მსოფლიოში "ეარქეფი". რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიები უარს ამბობენ რუსეთიდან მიღებულ დიდძალ მოგებაზე, რაც მილიარდობით დოლარს უტოლდება.

ომის დაწყებისთანავე, პირველივე დღეებში, დასავლეთის რეაქცია მყისიერი იყო. მკაცრ ზომებს შორის, რომლებიც რუსეთს სამთავრობო დონეზე დაუწესდა, იყო რუსეთის ავიაკომპანიებისთვის ფრენის აკრძალვა, რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გამორთვა და მოსკოვისთვის $630 მილიარდის ოდენობის სარეზერვო ფონდზე წვდომის შეზღუდვა.

რუსეთის ეკონომიკას სანქციების ამოქმედება სწრაფად დაეტყო. ორშაბათს რუსული რუბლი რეკორდულად, 30%-ით გაუფასურდა. ცენტრალურმა ბანკმა საკრედიტო მომსახურების ინტერესი 20%-მდე გაზარდა.

ასევე ნახეთ: დასავლეთი რუსეთს SWIFT-დან რიცხავს

„ბრითიშ პეტროლიუმმა“ რუსულ გიგანტ „როსნეფტში“ აქციების თითქმის 20% და მმართველ საბჭოში ადგილები დათმო, რაც ბრიტანული კომპანიისთვის დაახლოებით $25-მილიარდიან ზარალს უდრის. განცხადება კომპანიამ კვირას გაავრცელა და ეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით ახსნა. ამ ნაბიჯით, "ბრითიშ პეტროლიუმის" ბუნებრივი აირის და ნავთობის მოცულობა მესამედით შემცირდა.

ანალოგიურ ნაბიჯს დგამს ძირითადად სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი ნორვეგიული ენერგოკომპანია Equinor. თუმცა, კომპანიის პრესსპიკერის თქმით, ეს სწრაფად არ მოხდება და გარკვეულ დროს მოითხოვს.

გაცილებით სწრაფად მოხდა საერთაშორისო საბანკო სისტემებიდან რუსული ბანკების ჩახსნა, რომელთა შორისაა "სბერბანკი" და VTB. სანქციების დამწესებელ ქვეყნებს და კომპანიებს შვეიცარიის ბანკებიც კი შეუერთდნენ, რომლებიც ხშირად ნეიტრალურნი არიან. შვეიცარიამ კვირას განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ის ევროპის კავშირის სანქციებს უერთდება.