ბუქარესტში ნატოს მინისტერიალი მიმდინარეობს, სადაც დიდი ყურადღება უკრაინაში რუსეთის ომს და ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას ეთმობა. სამიტს ესწრებიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები.
„ჩვენ შევხვდებით დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას, ხვალ კი შევხვდებით ჩვენს ახლო პარტნიორებს საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია ჰერცოგოვინას საგარეო საქმეთა მინისტრებს და გამოვუცხადებთ მათ მხარდაჭერას,“- ამბობს ნატოს გენერალური მდივანი.
იენს სტოლტენბერგი აქვე განმარტავს, რომ ნატო 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მხარდამჭერი რჩება. 14 წლის წინ, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან.
„2008 წელს ნატოს სამიტზე მივიღეთ გადაწყვეტილებები უკრაინისა და საქართველოს [ნატოში] გაწევრიანების შესახებ. მე თვითონ ვიყავი აქ, მაშინ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ვიკავებდი, ამიტომ კარგად მახსოვს ეს შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მას შემდეგ ჩვენ მნიშვნელოვნად გავამყარეთ პარტნიორობა როგორც საქართველოსთან ასევე უკრაინასთან,“- ამბობს სტოლტენბერგი.
Your browser doesn’t support HTML5
ნატოს გენერალური მდივანი ჟურნალისტებთან საუბრისას ამბობს, რომ ნატოს კარი ღია რჩება და მიმდინარე სამიტის ფარგლებში ამის შესახებ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები გააკეთებენ განცხადებას.
„ნატოს წევრი სახელმწიფოები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ, რომ ნატოს კარი ღიაა. ჩვენ ეს ვაჩვენეთ კიდეც ბოლო წლების განმავლობაში. იმით, რომ ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო ნატოში გაწევრიანდნენ, ახლა კი ფინეთი და შვედეთი გახდებიან [ალიანსის წევრები]. ასე, რომ ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ვასრულებთ ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ნატოს კარი ღიაა, არა მხოლოდ სიტყვებით არამედ საქმითაც. მე ველი, რომ უკრაინა გახდება ნატოს წევრი, მე ველი, რომ მოკავშირეები ამ პოზიციას გააჟღერებენ. თუმცა მანამდე ახლა მთავარი აქცენტი უკრაინის მხარდაჭერაზე კეთდება,“- ამბობს სტოლტენბერგი.
უკრაინამ რამდენიმე თვის წინ ნატოს წევრობაზე ოფიციალური განაცხადი გააკეთა, იმ დღეს როცა რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსია გამოაცხადა.