კაპიტოლიუმში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მსჯელობენ

უახლოეს მომავალში ირანზე სანქციების შემსუბუქება მოსალოდნელი არ არის

Your browser doesn’t support HTML5

ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივა


მომავალ დღეებში მოსალოდნელია, რომ კაპიტოლიუმიდან აქტიური მსჯელობა მოყვეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდს, რომელიც ჟენევაში გაიმართა. ამერიკის ხმის კორესპონდენტი, მაიკლ ბოუმენი იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ რამდენად რეალურია ამერიკელი კანონმდებლების მხრიდან ირანზე სანქციების გაგრძელების თაობაზე მოთხოვნა ისევ გაგრძელდეს და როგორ შეხვდება თეირანი სანქციების შესუსტების ან საერთოდ გაუქმების გადაწყვეტილებას.

ჟენევის მოლაპარაკებების ჩაშლის შედეგად ნათელი გახდა, რომ საკითხზე მსჯელობა კაპიტოლიუმში გადაინაცვლებს. ფაქტია, რომ ბოლო წუთამდე იყო განცდა, რომ ეს მოლაპარაკებები იძლეოდა იმედს, რომ ირანის საკმაოდ გრძელვადიანი ბირთვული პროგრამის შესახებ საკითხში წინსვლა სწორედ ამ მოლაპარაკებების გზით მიიღწეოდა. ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების კანონმდებლებმა, ორივე პარტიის წარმომადგნელებმა მხარი დაუჭირეს ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივას, ამდენად ამ ეტაპზე ამ გადაწყვეტილების შეცვლის დიდი სურვილი არ იკვეთება. სულ რამდენიმე კვირის წინ, რესპუბლიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ ასეთი პოზიცია ირანის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესის შეფასების დროს დააფიქსირა.

მარკო რუბიო: მათი გეგმა დღესავით ნათელია. ისინი ცდილობენ მიაღწიონ სანქციების შესუსტებას და საერთოდ გაუქმებასაც კი, თუმცა სანაცვლოდ დათმობაზე თითქმის არ მიდიან. მომავალში, როდესაც მსოფლიომ შეიძლება ამ საკითხზე ყურადღება ოდნავ მოადუნოს სხვა თემით დაკავდეს, ისინი კვლავ გააგრძელებენ ბირთვული იარაღის წარმოებას. ირანის მიმართ სანქციების შესუსტება ან გაუქმება დაუშვებელია მანამდე, ვიდრე ირანი უარს არ განაცხადებს ბირთვული მასალის გამდიდრების ან გადამუშავების ნებისმიერ შესაძლებლობაზე.

წლის დასაწყისში მსგავსი კომენტარი დემოკრატმა სენატორმა კრის კუნსმაც გააკეთა.

კრის კუნსი: იმ დროს როდესაც, დიპლომატიური გადაწყვეტილება სასურველი შედეგია, სამწუხაროა, რომ მოლაპარაკებები დაუსრულებლად გრძელდება. ჩემი აზრით, სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების საკითხში უკან არ უნდა დავიხიოთ და მზად უნდა ვიყოთ გამოვიყენოთ ძალა იმისათვის, რომ ირანს ბირთვული იარაღის წარმოებაში ხელი შევუშალოთ.

კვირას, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ „ თეირანთან ნებისმიერი შეთანხმება, თუნდაც ცუდი შეთანხმება მაინც რაღაცას ნიშნავს“. პარალელურად, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციები შედეგს არ გამოიღებს და ირანს ურანის გამდიდრების უფლება გააჩნია.

რაც შეეხება შეერთებული შტატების საშინაო პრობლემებს, ამ კვირაში კანონმდებლები გააგრძელებენ მუშაობას ბიუჯეტის საკითხთან დაკავშირებით ორპარტიული შეთანხმების შესახებ. კონსენსუსის გარეშე, შეერთებული შტატების მთავრობას იანვარში მორიგი დახურვა ემუქრება.

ასევე ამ კვირაში, დღეს ამერიკა ვეტერანების დღეს აღნიშნავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე მივა და სხვადასხვა ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცებს მიაგებს პატივს.