2023 წელი მსოფლიოში ყველაზე ცხელი იყო - ევროკავშირის მეცნიერები

"ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურში" აცხადებენ, რომ გასული, 2023 წელი ბოლო 100 000 წლის განმავლობაში შესაძლოა ყველაზე ცხელი ყოფილიყო.

მას შემდეგ, რაც ტემპერატურის უმაღლესი ნიშნული რამდენჯერმე დაფიქსირდა, მეცნიერები მოელოდნენ, რომ 2023 წელი რეკორდულ მაჩვენებელს მიუახლოვდებოდა. 2023 წლის ივნისის შემდეგ, ყოველი თვე წინაზე წელს იმავე თვესთან შედარებით, უფრო ცხელი იყო.

"კლიმატის მიხედვით, ეს ძალიან გამორჩეული წელი იყო",- განაცხადა "ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურის" დირექტორმა, კარლო ბუონტემპომ.

ევროკავშირის კლიმატის სამსახურმა დაადასტურა, რომ 2023 წელი,1850 წლიდან მოყოლებული დღემდე, ყველაზე ცხელი წელი იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც პალეოკლიმატური მონაცემების ჩანაწერები შეამოწმეს ისეთი წყაროებიდან, როგორიცაა ხეების რგოლები და ჰაერის ბუშტები მყინვარებში, ბუონტემპომ თქვა, რომ "მაღალია ალბათობა იმისა", რომ 2023 წელი ყველაზე ცხელი წელი ყოფილიყოს ბოლო 100 000 წლის განმავლობაში.

2023 წელს პლანეტა დედამიწა საშუალოდ, 1,48 გრადუსი ცელსიუსით უფრო ცხელი იყო, ვიდრე - 1850-1900 წლების პრეინდუსტრიულ პერიოდში. ანუ მანამდე, როდესაც ადამიანებმა დაიწყეს წიაღისეული საწვავის წვა ნახშირორჟანგის ატმოსფეროში გაფრქვევით.