უკრაინის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი, ფიქრობს, რომ რუსეთს საბრძოლო რესურსები ეწურება და არ გამორიცხავს, რომ ომი მაისში ან მანამდეც კი დასრულდეს. მისი თქმით მოხდება შეთანხმება და შესაძლოა მცირე შეტაკებები მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.
მოლაპარაკებები კიევსა და მოსკოვს შორის გრძელდება, რომელშიც არესტოვიჩი პირადად ჩართული არ არის. მოლაპარაკებები ამ დრომდე მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე შეთანხმებით დასრულდა.
ასევე ნახეთ: თუ ჩინეთი რუსეთს სანქციების არიდებაში დაეხმარება, მას მოუწევს შედეგებისთვის თვალის გასწორებაარესტოვიჩის ვიდეო რამდენიმე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ ომის დამთავრების ზუსტი დრო იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად მალე ამოიწურება რუსეთის რესურსები, აქვე პრეზიდენტის მრჩეველი ამატებს:
„ვფიქრობ ეს მოხდება არაუგვიანეს მაისის დასაწყისში. ჩვენ ამ დროს შესაძლოა გვქონდეს სამშვიდობო შეთანხმება. შესაძლოა ეს ბევრად ადრეც მოხდეს, მე უახლოეს პერიოდზე ვსაუბრობ,“- ამბობს ვიდეოში არესტოვიჩი.
ზელენსკის მრჩეველი ამბობს, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და შედეგით შეიძლება დასრულდეს, თუ რუსეთმა არ გადაწყვიტა უკრაინაში დაქირავებული მებრძოლების სირიიდან ჩამოყვანა ან სულაც რუსი წვევამდელების საომრად გაგზავნა, რასაც არესტოვიჩი „სრულ სიგიჟეს“ უწოდებს.
რუსეთმა ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, მანამდე კრემლი ამტკიცებდა, რომ ომისთვის არ ემზადებოდა. კრემლში უკრაინაში მიმდინარე პროცესებს „სპეცოპერაციას“ უწოდებენ.