დრონების როლი აშშ ეროვნულ თავდაცვაში

შეერთებული შტატების სამხედრო არსენალში, სავარაუდოდ, 10 ათასი უპილოტო სამხედრო აპარატია. ამასთან ერთად დრონების უცნობი რაოდენობა დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოსაც აქვს. სწორედ დაზვერვის კუთვნილებაში იყო დრონი, რომელმაც ცოტა ხნის წინ პაკისტანის ჩრდილოეთში წარმატებული იერიში მიიტანა ალ ყაიდას თავშესაფარზე და ორგანიზაციის რიგით მეორე ლიდერი ალ ლიბის ლიკვიდაცია მოახდინა.

პაკისტანი ამერიკული დრონებით საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების კატეგორიული წინააღმდეგია. მაგრამ ამის საპასუხოდ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას მინიშნებაც კი არ გაუკეთებია იმაზე, რომ ვაშინგტონი ამ სახის იერიშებს შეწყვეტს:

„ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ პაკისტანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის დაიცავს საკუთარ თავს მათ წინააღმდეგ, ვინც ჩვენზე თავდასხმებს გეგმავს. ამერიკა ამ სტრატეგიას კვლავ გააგრძელებს და ამჟამადაც მათი ლიდერების წინააღმდეგ ამ მიდგომას ძალიან ეფექტურად ვიყენებთ.“

დრონების გამოყენება მთავრობას შედარებნით იაფი უჯდება. მათ მიერ განხორციელებული შეტევები კი უკიდურესად ზუსტია. გარდა ამისა, დრონების გამოყენება საფრთხეს არ უქმნის პილოტებს, რომლებც ათასობით კილომეტრის მოშორებით ამერიკული სამხედრო ბაზებიდან მართავენ საფრენ აპარატებს.

ეკონომიკური კრიზისისა და ამერიკელ ხალხში ომის წინააღმდეგ უკმაყოფილების მატების ფონზე, ობამას ადმინისტრაციამ უპილოტო საფრენი აპარატები ამერიკის თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად აქცია.

მაიკლ ფლორნოი პენტაგონის ყოფილი თანამშრომელი და თავდაცვის სტრატეგიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი თქმით:

„უპილოტო საფრენი აპარატები თავდაცვის ძალებში დროთა განმავლობაში რევოლუციას მოახდენს. ამ ეტაპზე ჯერ ისევ არ გვაქვს ბოლომდე შესწავლილი, თუ რა გავლენას მოახდენს სამხედრო ოპერაციებზე რობოტული ტექნოლოგიები.“

ექსპერტების ერთი ნაწილი აცხადებს, რომ რევოლუცია უკვე დაიწყო. უპილოტო საფრენი აპარატების ეფექტურობა, მათი გამოყენების სინადვილე და სამხედრო პერსონალისთვის მინიმალური რისკი ობამას ადმინისტრაციას იმისკენ უბიძგებს, რომ დრონები ამერიკის სამხედრო ძალებში ყველაზე ხშირად გამოყენებული იარაღი გახდეს.

ჯონ ბრენანი კონტრტერორიზმის საკითხებში პრეზიდენტი ბარაკ ობამას უფროსი მრჩეველია:

„უპილოტო საფრენი აპარატების გარდა, რთულია რაიმე სხვა მეთოდის წარმოდგენა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს სამოქალაქო მსხვერპლს.“

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია დრონების აქტიური გამოყენების მომხრეა და ამ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად არაერთი არგუმენტი აქვს წარმოდგენილი მოსახლეობისთვის, ამერიკაში დრონების წინააღმდეგ დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დრონების გამოყენება შესაძლოა უსაფრთხო იყოს ამერიკელი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ ისინი არ არის უსაფრთხო პაკისტანის მოსახლეობისთვის, რომლებიც შესაძლოა შემთხვევით იმყოფებოდნენ ან ცხოვრობდნენ კიდეც იერიშის ადგილზე.

მედეა ბენჯამინი დრონების გამოყენების წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის აქტივისტია. მას მიაჩნია, რომ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებამ შესაძლოა ამერიკელებში ომზე შეხედულება შეცვალოს და ის უფრო ადვილად მისაღები გახადოს.

„ყველაზე დიდი პრობლემა დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით ის არის, რომ ისინი ადამიანის მოკვლას ძალიან აადვილებს.“

ამერიკელი მაღალჩინოსნების აზრით, დრონები უაღრესად ღირებულ როლს ასრულებს ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებაში და მათი გამოყენება მომავალშიც გაგრძელდება. აქტივისტები კი რობოტული სამხერდო ტექნოლოგიების გამოყენებაზე მორატორიუმის დაწესებას ითხოვენ იმ დრომდე, ვიდრე საკანონმდებლო ბაზა ტექნოლოგიების განვითარებას არ დაეწევა. ამ შემთხვევაში გაცილებით ადვილი იქნება დრონებისა და სხვა მსგავსი საბრძოლო ტექნილის გამოყენების კანონიერების კონტროლი.