შეერთებული შტატების მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატები პირდაპირი ეთერით დაგეგმილი ტელედებატების პირობებზე შეთანხმდნენ. დებატებს ტელეკომპანია "სი-ბი-ესი" ნიუ-იორკში უმასპინძლებს და მისი მოდერატორები ჟურნალისტები ნორა ო-დონელი და მარგარეტ ბრენანი იქნებიან.
ასევე ნახეთ: ტრამპ-ჰარისის დებატები 10 სექტემბერს გაიმართებამინესოტის დემოკრატი გუბერნატორი ტიმ უოლცი და რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოდან ჯეი დი ვენსი კი შეთანხმდნენ იმაზე, რომ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები 1 ოქტომბერს გაიმართება. მათი გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამავე პერიოდში, ზოგიერთ შტატში ხმის ნაადრევად მიცემის პროცესი იწყება.
თუმცა მანამდე 3 კვირით ადრე, 10 სექტემბერს, პირველი დებატები გაიმართება პრეზიდენტობის ორ წამყვან კანდიდატს შორის. ამერიკის 45-ე რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ერთმანეთს ფილადელფიაში დაუპირისპირდებიან.
მათ საარჩევნო კამპანიებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება მეორე დებატების გამართვაზე. 15 აგვისტოს, ჰარისის კამპანიამ განაცხადა, რომ ტრამპის გუნდი 3 დებატების გამართვას დათანხმდა, მათ შორის ორი საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის უნდა შედგეს, ერთი კი - ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. თუმცა, საბოლოო შეთანხმება ამ ეტაპზე მიღწეული არ არის.
ასევე ნახეთ: არჩევნებამდე 3 თვით ადრე რამდენიმე შტატი გამორჩეული ყურადღების ცენტრშია