ამერიკაში მილიონობით ბავშვის აცრა გრძელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში 5-იდან 11 წლამდე ბავშვების ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია დაიწყო. მარეგულირებელი ორგანოების მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას არაერთი მშობელი ენთუზიაზმით შეხვდა. ამერიკაში ამ დრომდე კოვიდ 19-ით ამ ასაკის 2 მილიონამდე ბავშვი დაინფიცირდა და 8 ათასზე მეტის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. დელტა ვარიანტის ფართო გავრცელებისა სასწავლო დაწესებულებებში ბავშვების ფიზიკური დასწრების პარალელურად ექიმებისთვის ეს პანდემიის დამარცხებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ამერიკაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ 5 წლის ასაკიდან უკვე ყველა მოქალაქეს შეუძლია აცრა. 5-დან 11 წლამდე ბავშვების აცრის გადაწყვეტილებას ვაქცინაციის არაერღთუ პუნქტი და პედიატრიული კლინიკები მომზადებულნი შეხვდნენ, თუმცა მოთხოვნა ზოგ შემთხვევაში მომარაგებულ დოზებზე მეტი აღმოჩნდა. შეერთებულ შტატებში ვაქცინის მიღება ახლა ამ ასაკის 28 მილიონამდე ბავშვს შეუძლია.

ჯეფ გოსეტი, ექიმი პედიატრი და 7 წლის ნორას მამა ამბობს, რომ როდესაც თავად უამრავი კოვიდინფიცირებული მცირეწლოვანი პაციენტი ჰყავს, საკუთარი შვილის აცრა დაუყოვნებლივ სურდა.

Your browser doesn’t support HTML5

ამერიკაში ბავშვების აცრა გრძელდება

„როგორც პედიატრ კარდიოლოგს პირადად მინახავს ბავშვები, რომელთა გულსაც კოვიდ-19-მა საშინელი დარტყმა მიაყენა, რომლებიც წარმოუდგენლად ავად იყვნენ და კოვიდის გართულებებით კვდებოდნენ. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი შვილი ვაქცინით იქნება დაცული. დღეს რისი ჩვენებაც მინდოდა, ისაა, რომ მე თერაპევტსა და მშობელს, მჯერა ვაქცინების, როგორც ჩვენი შვილების დაცვის გზის. როგორც კი ჩემს შვილს აცრის გაკეთების საშუალება მიეცა, ეს ჩემთვის ძალიან მარტივი გადაწყვეტილება იყო. მინდოდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ჩვენი შვილების აცრა, სწორი რამაა", - ამბობს ექიმი გოსეტი.

5-იდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამოსაყენებლად მარეგულირებელმა უწყებებმა „ფაიზერ“-„ბიონტექის“ ერთობლივი ვაქცინა დაამტკიცეს. ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის 10 მიკროგრამიანი დოზა გამოიყენება და კვლევების თანახმად ის 90.7 %-ით ეფექტურია. საგანგებო ავტორიზაციის მინიჭების მომენტისთვის ამერიკას კომპანიისგან უკვე შეძენილი ჰქონდა ვაქცინის 50 მილიონი დოზა და ზოგიერთ ობიექტზე ბავშვების აცრა გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე დაიწყეს. ამ ეტაპზე, 12-იდან 18 წლამდე მოზარდების აცრაც ამერიკაში ჯერ მხოლოდ „ფაიზერის“ ვაქცინითაა შესაძლებელი. კომპანია მოდერნა კი ამ ასაკის კატეგორიაში მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდება.

სოფია იანი, კოენის სამედიცინო ცენტრის მთავარი პედიატრი ამბობს, რომ ბავშვების ვაქცინაციის დაწყების დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან ეს არის შანსი, დაუბრუნონ ბავშვებს ბავშვობა:

როგორც პედიატრ კარდიოლოგს პირადად მინახავს ბავშვები, რომელთა გულსაც კოვიდ-19-მა საშინელი დარტყმა მიაყენა, რომლებიც წარმოუდგენლად ავად იყვნენ და კოვიდის გართულებებით კვდებოდნენ. ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი შვილი ვაქცინით იქნება დაცული,
- ჯეფ გოსეტი

"ახლა სკოლის ასაკის, მცირეწლოვანი ბავშვების აცრაც შესაძლებელია. ვაქცინა კი მუშაობს. ჩვენ კიდევ უფრო მივუახლოვდით იმ დროს, როდესაც შეგვიძლია მივცეთ ჩვენს შვილებს შესაძლებლობა, კვლავ ბავშვებად იგრძნონ თავი. წავიდნენ სათამაშოდ მეგობრების სახლში ნერვიულობის გარეშე, იმოგზაურონ ან ჩაერთონ კლასგარეშე აქტივობებში უფრო ნაკლები შფოთვით. ან სულაც ბებია-ბაბუებს ჩაეხუტონ და მერე, ერთ დღესაც სკოლებში პირბადეების გარეშე წავიდნენ", - ამბობს სოფია იანი.

მართალია, კოვიდ-19 ბავშვების უმრავლესობას შედარებით მსუბუქ ფორმებში გადააქვს, მაგრამ დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე ქვეყანაში ვირუსით 5-იდან 11 წლამდე ასაკის 2 მილიონამდე ბავშვი დაინფიცირდა. მათგან 8 ათასზე მეტის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. „დაავადებათა კონტროლის ცენტრის“ ერთ-ერთი კვლევით მათ 30 %-ს არანაირი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია, რაც ექიმებს იმის პროგნოზირების საშუალებას მისცემდა, რომ ბავშვებს ესა თუ ის გართულება განუვითარდებოდათ. ამ ზაფხულს ბავშვებისა და მოზარდების ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი წინა პრიოდთან შედარებით 5-ჯერ გაიზარდა. გასული 1 წლის განმავლობაში კოვიდ-19 ბავშვების გარდაცვალების მე-8 ყველაზე ფართოდ გავრცელებული მიზეზი იყო. ამერიკაში 800-მდე ბავშვი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის გართულებებით.

ჩარლზ შლეიენი კოენის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბავშვების ავადობას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს: „ნათელია, რომ ამ ასაკის ბავშვები ერთ-ერთი უმთავრესი გამავრცელებლები არიან. და მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე უფროსებში, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ბევრ ბავშვს აქვს თანმხლები, ქრონიკული დაავადება“, - ამბობს შლეიენი.

ამერიკაში კი მოახლოებული მადლიერების დღისა და შობა-ახალი წლის დღესასწაულების წინ, მშობლები მათი შვილების ვაქცინაციას განსაკუთრებული ენთუზიაზმით ელიან. არაერთ ბავშვსა თუ მოზარდს თითქმის ორი წელია არ ჰქონია შესაძლებლობა დღესასწაულები ოჯახის ხანდაზმულ წევრებთან ერთად გაეტარებინა, ან მათ შეხვედროდა.

ჯეიმს შნაიდერი კოენის ბავშვთა სამედიცინო ცენტრის ექიმია და ამბობს, რომ ბავშვებს თითქმის ორი წელია განსაკუთრებულ პირობებში უწევთ ცხოვრება და მათი აცრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმისთვის, რომ ისინი ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

ასევე ნახეთ: იტალიაში ვაქცინა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა


„მე მჯერა ვაქცინებთან დაკავშირებული მეცნიერების, და არ მინდა ჩემი შვილი კოვიდით დაავადდეს. ეს საუკეთესო, ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო გზაა ამისთვის, და ეს ყველას დაგვეხმარება, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ცხოვრება, ბავშვებს კი ნორმალური ბავშვობა, რომელიც წართმეული აქვთ უკვე 18 თვეზე მეტია", - ამბობს ექიმი და მშობელი.

მისი შვილი, 10 წლის მაია მაია შნაიდერისთვის კი ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ოჯახის ასაკოვანი წევრების მონახულება შეეძლება იმის შიშის გარეშე, რომ მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის: "ძალიან კარგია იმის ცოდნა, რომ ახლა შემიძლია ოჯახის იმ წევრების გვერდითაც ვიყო, რომლებიც შედარებით ასაკოვნები არიან“, - ამბობს მაია.

ამ დროისთვის ამ ასაკის ბავშვებს სულ რამდენიმე ქვეყანაში ცრიან, თუმცა 12 წელზე უფროსი მოზარდების აცრა აქტიურად მიმდინარეობს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში. ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ კოვიდ-19 უკვე შეიძლება მივიჩნიოთ დაავადებად, რომლის ლეტალური შედეგით დასრულების თავიდან აცილებაც ვაქცინის მეშვეობით შესაძლებელია. ამიტომ, მათი აზრით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით არც ერთი ბავშვი აღარ უნდა კვდებოდეს.