ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიაში ვაქცინა ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო გახდა


იტალიაში ე.წ. კოვიდ-საშვები 15 ოქტომბრიდან ყველა დასაქმებულისთვის სავალდებულო ხდება. ზოგიერთი მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლის მიუხედავად, ეს ზომა თითქმის მთელ ქვეყანაში ძირითადად მშვიდობიანად დამკვიდრდა.

პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის კაბინეტმა მსოფლიოში ეს ერთ-ერთი უმკაცრესი ზომა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სექტემბერში დაამტკიცა და მისი აღსრულება სავალდებულო ყველა დასაქმებულისთვის სწორედ 15 ოქტომბრიდან გახდა. ისინი ვალდებულნი არიან ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ტესტის უარყოფითი პასუხი ან კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელების საბუთი წარმოადგინონ. ამ წესის მიხედვითვე, ე.წ. მწვანე საშვის არმქონე დასაქმებულები სამუშაო ადგილზე აღარ დაიშვებიან და თუკი წესის დარღვევას შეეცდებიან, მათ 1 500 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ.

ყველაზე ფართომასშტაბიანი პროტესტი ამ შეზრუდვას იტალიის ჩრდილოეთში მოჰყვა. 6 000-მდე დემონსტრანტი სამუშაო პროცესის ბლოკირებით იმუქრებოდა. ადგილობრივი სავაჭრო კავშირის თანახმად, ქალაქ ტრიესტის პორტის თანამშრომელთა 40 % ჯერაც არაა აცრილი. ქალაქში ანტივაქსერული განწყობები იმაზე ბევრად დიდია, ვიდრე ზოგადად, იტალიაში.


გენუაში, იტალიის კიდევ ერთ უმთავრეს პორტში, 100-მდე დემონსტრანტმა სატვირთო მანქანებთან მიმავალი გზა გადაკეტა. მცირემასშტაბიანი გამოსვლები გაიმართა რომში, ტურინსა და ბოლონიაშიც. რომში დემონსტრანტები ქვეყნის უდიდესი სავაჭრო გაერთიანების შენობაში შეიჭრნენ.

გამოკითხვების თანახმად, იტალიელთა უმრავლესობა სავალდებულო "მწვანე საშვს" მხარს უჭერს. მთავრობის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით, "როიტერის" ცნობით, საჯარო სექტორში დასაქმებულთა 15 %-ს და კერძო სექტორში დასაქმებულთა 8 %-ს "მწვანე საშვი" ჯერ კიდევ არ აქვს. ხელისუფლება იმედოვნებდა, რომ სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნა მოქალაქეების ნაწილს დაარწმუნებდა, გაეკეთებინათ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა. მაგრამ, აცრის მონაცემების მკვეთრი ზრდა მაინც არ დაფიქსირებულა. 12 წელზე უფროსი მოსახლეობის 80 % უკვე სრულადაა აცრილი. ვირუსის გავრცელების მაჩვენებლებიც შემცირებულია.

მემარჯვენე პარტიები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ კოვიდ-ტესტების ვარგისობის ვადა 48 საათიდან 72 საათამდე გაზარდოს და ტესტირება აუცრელი მოქალაქეებისთვის უფასო იყოს. ამის გარდა, თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების გამო, ისინი ხელისუფლებას პრობლემების შექმნის რისკის თაობაზე აფრთხილებენ. თუმცა, მთავრობა აცხადებს, რომ უფასო ტესტირების შეთავაზება იგივე იქნება, რაც ამნისტია საგადასახადო კანონმდებლობის დამრღვევებისთვის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG