შეერთებული შტატების ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ მათ, ვისაც კორონავირუსის ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული ექნება, კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ, 14-დღიანი კარანტინის გავლა აღარ მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტთან კონტაქტის შემდეგ, აცრილი ადამიანი უსიმპტომო იქნება, მაშინ მას შეუძლია კარანტინს თავი აარიდოს.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, ვაქცინებს სიმპტომებით მიმდინარე კოვიდ 19-ის პრევენცია შეუძლია. ცენტრში ფიქრობენ, რომ სიმპტომებიანი შემთხვევები შედარებით უფრო მეტად ვრცელდება.
ასევე ნახეთ: სამხრეთ კორეამ "ასტრაზენეკას" ვაქცინას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა"არასაჭირო კარანტინის თავიდან აცილებისას მიღებული ინდივიდუალური და სოციალური უპირატესობები გადაწონის იმ უცნობ და პოტენციურ რისკებს, რაც [დაავადების] გადადებას უკავშირდება",- აცხადებენ CDC-ში.
სააგენტომ ზედმიწევნით გაწერილი კრიტერიუმები გამოაქვეყნა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვაქცინაციის შემდეგ, კარანტინის გავლა აღარ მოუწევს. განსხვავებული იქნება პროტოკოლი მათთვის, ვინც ვაქცინის ერთი და ორი დოზა მიიღო. ადამიანებს, ვისაც სურს, რომ კარატინი თავიდან აიცილოს, ვაქცინის დოზა ბოლო 3 თვის განმავლობაში უნდა ჰქონდეს მიღებული.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის 2 ვაქცინას აქვს საგანგებო ავტორიზაცია მიღებული - "ფაიზერისა" და "მოდერნას". კიდევ ერთმა ფარმაცევტულმა კომპანიამ, "ჯონსონი და ჯონსონი", ავტორიზაციაზე მოთხოვნა გასულ კვირას შეიტანა.