ამერიკის ორი სამხედრო გემი შავ ზღვაში შევიდა

ამერიკის საზღვაო ძალების ორი სამხედრო გემი შავ ზღვაში შევიდა, სადაც მზადყოფნის პოზიციაში იქნება სოჭის ოლიმპიადის განმავლობაში. გემების დანიშნულება სოჭში ტერორისტული აქტის შემთხვევაში დაზარალებულებისთვის დახმარების აღმოჩენაა. რუსეთის მთავრობამ ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევაში ამერიკის შეიარაღებული ძალების დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა.

გემების შავ ზღვაში დისლოკაციასთან დაკავშირებით ამერიკის საზღვაო ძალებმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის მეექვსე ფლოტის მედროშე გემი „მაუნტ ვიტნი“ უკვე შავი ზღვის წყლებში იმყოფება. გემის ბორტზე 300 მეზღვაურთან ერთად სამხედრო სამაშველო სარდლობის სამოქალაქო პირები იმყოფებიან. მეორე გემი - „ტეილორი“ - შავ ზღვაში დღეს მოგვიანებით შევა. „ტეილორის“ ბორტზე 200 მეზღვაური იმყოფება.