ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სოჭი - რეკორდების ოლიმპიადა თუ კატასტროფის რეცეპტი?


სოჭის ოლიმპიადა ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საერთაშორისო მოვლენაა უახლეს ისტორიაში. გარდა იმისა, რომ ჩრდილო კავკასიელი ისლამისტი მეამბოხეები ოლიმპიადაზე კრემლს „სურპრიზების“ მოწყობით ემუქრებიან, მათ მუქარის წერილები საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსაც გაუგზავნეს. მხოლოდ ეს მუქარებია საკმარისი იმისთვის, რომ სოჭის ოლიმპიადას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს თამაშების უსაფრთხოდ ჩასატარებლად. თუმცა, არანაკლებ საგულისხმოა სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებული სხვა, ნაკლებად გახმაურებული ფაქტებიც.

2013 წლის ოქტომბრისთვის სოჭის ოლიმპიადის სავარაუდო ხარჯები 51 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ამ თანხით, სოჭის ზამთრის ოლიმპიადა ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ოლიმპიადაა. ღირებულებასთან ერთად, სოჭის წლევანდელი ზამთრის თამაშები რამდენიმე „ოლიმპიურ რეკორდსაც“ ხსნის:

სოჭის ოლიმპიადაზე ზამთრის სპორტის 12 ახალი თამაშის დებიუტი შედგება, რის გამოც, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა ყველაზე დიდი ოლიმპიადაც იქნება.

სოჭში ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 8.3 ცელსიუსი იქნება, რის გამოც დღემდე ჩატარებული 21 ზამთრის ოლიმპიადას შორის, სოჭი ყველაზე თბილი ზამთრის ოლიმპიადის სახელსაც დაიმკვიდრებს.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის მიერ რეკორდების მოხსნის სურვილი ოლიმპიური ჩირაღდნის მარშრუტის შედგენაზეც აისახა. პირველად ისტორიაში, ოლიმპიური ჩირაღდანი ღია კოსმოსს, ჩრდილოეთ პოლუსს და დედამიწის ყველაზე ღრმა ტბა ბაიკალის ფსკერს გაანათებს და 123 დღეში 65 ათასი კოლომეტრის გავლის შემდეგ 7 თებერვალს 20:14 წუთზე ოლიმპიადას ოფიციალურად გახსნის.

დასავლეთში ანალიტიკოსები სოჭის ოლიმპიადას ხშირად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პერსონალურ პროექტად მოიხსენიებენ. პუტინი პირადად გაემგზავრა შევეიცარიაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წინაშე პრეზენტაციით წარსადგომად. მან კომიტეტის იმაში დარწმუნება შეძლო, რომ სუბ-ტროპიკული ქალაქი, სადაც არასოდეს თოვს, სადაც არ არსებობს სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და თანამედროვე საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურა, ზამთრის ოლიმპიადის ჩასატარებლად მთელს მსოფლიოში საუკეთესო ადგილი იყო. პუტინი იმდენად დამაჯერებელი იყო, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა თამაშების უსაფრთხოებაში ეჭვი არც კი შეიტანა, მიუხედავად იმისა, რომ სოჭი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ რეგიონთან - ჩრდილოეთ კავკასიასთან ძალიან ახლოს მდებარეობს.

გრანდიოზულ გეგმებთან და რეკორდულ მიზნებთან ერთად, 2014 წლის ოლიმპიადის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ სოჭის ოლიმპიადა ისტორიაში ყველაზე მწვანე - ანუ ეკოლოგიურად სუფთა ოლიმპიადაც იქნებოდა. ამის დასადასტურებლად, 2009 წლის ივნისში კრემლმა სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ეკოლოგიური სტრატეგია დაამტკიცა.

სოჭი, შავის ზღვის აუზის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი, ევროპის ყველაზე გრძელ ქალაქადაა მიჩნეული. ის სიგრძეში 148 კილომეტრია. იმის გამო, რომ ქალაქს თითქმის მთელ სიგრძეზე დაახლოებით 200 ათასი ჰექტარი ტყე ესაზღვრება, სოჭის ჰაერი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ჰაერადაც იყო მიჩნეული. ეს სუბტროპიკული ქალაქი ბიომრავალფეროვნებით, რეგიონალური მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ნიადაგითა და უნიკალური ეკოსისტემებითაც გამოირჩეოდა. ოლიმპიადის გაშუქებისას ტელეკამერები ტყის საფარსა და ულამაზეს ბუნებას დიდ ყურადღებას, ალბათ, არ მიაქცევენ, ელემენტარულად იმის გამო, რომ ქალაქში ტყის, ბუნებისა და ზოგადად გარემოს დიდი ნაწილი განადგურდა.

ბუნების მსოფლიოს ფონის რუსეთის ოფისის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიური პარკის მშენებლობა გარემოს დამცველებისა და ჟურნალისტებისგან სრულიად საიდუმლოდ, უაზარმაზარი კედლის შიგნით მიმდინარეობს. მშენებლობის გარკვეული დეტალები ცნობილია, მაგალითად ის, რომ აშენდა 25 ათასი სასტუმროს ოთახი, 360 კილომეტრის სიგრძის გზა, 22 ახალი გვირაბი და ოლიმპიური ინფრასტრუქტურის ყველაზე ძვირი კომპონენტი - რკინიგზა. ეს უკანასკნელი სავარაუდოდ 8.5 მილიარდი დოლარი დაჯდა და ის 50 კილომეტრის სიგრძის მთიან, ტყით დაფარულ ლანდშაფტზე გადის.

გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ ასეთი მასშტაბების მშენებლობის დაწყებამდე, სულ ცოტა სამი წლით ადრე, ეკოლოგიური შედეგების კვლევები უნდა დაწყებულიყო. რუსეთის მთავრობას ეს კვლევები თუ აქვს ჩატარებული, ისინი სრულიად გასაიდუმლოებულია საზოგადოებისა და მედიისთვის. იმ შემთხვევაში თუ კვლევები სინამდვილეში ჩატარდა, ისინი 2007 წელს უნდა დაწყებულიყო, მაშინ, როცა საერთაშორისო ოლიმპირუმა კომიტეტმა თამაშების სოჭში გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

სამწლიანი კვლევები 2010 წლამდე ვერ დასრულდებოდა და შესაბამისად, 2010 წლამდე არც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. სოჭში სამშემებლო პროექტები 2008 წელს უკვე მიმდინარეობდა.

ერთი დაპირება, რაც კრემლმა ვერ შეასრულა არის ის, რომ სოჭი ისტორიაში ყველაზე მწვანე ოლიმპიადის სახელით ვერ შევა. მსოფლიო ბუნების ფონდის ინფორმაციით, სოჭის ოლიმპიადა შავი ზღვის რეგიონის ეკოლოგიას კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

ამ ეტაპზე სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით სხვადასხვა, თუმცა ერთნაირად სახიფათო რისკებზე უწევთ ფიქრი. უშიშროების სფეროს წარმომადგენლებმა შესაძლო ტერორისტული აქტის თავიდან აცილებაზე უნდა იფიქრონ, ხოლო სამოქალაქო ინჟინრებმა, გეოლოგებმა და ეკოლოგებმა კი იმაზე, თუ როგორ გაუძლებს მასშტაბური, მაგრამ ნაჩქარევად აშენებული ინფრასტრუქტურა უპრეცედენტოდ გიგანტურ ოლიმპიადას და რა გრძელვადიან პრობლემებს დაუტოვებს ის რეგიონს. ეს გაზვიადებული შიში არ არის, რადგანაც 2013 წლის მაისში, სამ სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაინგრა, რომელიც ოლიმპიადისთვის აშენებული ერთ-ერთი გვირაბის თავზე იდგა.
XS
SM
MD
LG