პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი კიევში მოულოდნელი იყო. ამერიკის პირველი პირის ვიზიტის შესახებ არავინ ყოფილა გაფრთხილებული. თუმცა, ამერიკის უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი, ამბობს, რომ რუსეთი წინასწარ იყო ინფორმირებული აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კიევში ვიზიტის შესახებ.
"ამ ტიპის კავშირების მგრძნობიარე ბუნების გამო, არ შევალ იმ საკითხებში, მათ როგორ გვიპასუხეს, ან ჩვენი გზავნილი ზუსტად რა იყო, მაგრამ შემიძლია დავადასტურო, რომ შეტყობინება გავაგზავნეთ" - თქვა სალივანმა.
სააგენტო "ასოშიეთიდ პრესის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პრეზიდენტ ბაიდენის ესკორტმა, თეთრი სახლი, ვაშინგტონის დროით, გამთენიის 3 საათსა და 30 წუთზე დატოვა და 20 საათის შემდეგ, უკვე კიევში გამოჩნდა, ქვეყნის პირველ პირთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად.
ბაიდენი კიევში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა და უკრაინისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილას პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად მივიდა.
ასევე ნახეთ: პოლკოვნიკი ქანსიანი: ომის ბედი რამდენიმე კვირაში გამოიკვეთებაბაიდენმა უკრაინას ამერიკის დახმარება აღუთქვა მანამ, ვიდრე ეს საჭირო იქნება. 4 დღეში ზუსტად წელიწადი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთი ყოველგვარი პროვოკაციის გარეშე კიდევ ერთხელ დაესხა თავს მეზობელ უკრაინას და იქ სრულმასშტაბიანი, სასტიკი ომი დაიწყო.
"როცა პუტინი [უკრაინას] თითქმის ერთი წლის წინ თავს დაესხა, ეგონა უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი - დაყოფილი. ფიქრობდა, რომ გვაჯობებდა, მაგრამ ის ძლიერ შეცდა", - თქვა ბაიდენმა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, "უკრაინას წარმოუდგენლად დიდი საფასურის გადახდა დასჭირდა. უდიდესია მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო... ვიცით, რომ წინ, მომდევნო კვირებში და წლებში, რთული დღეები იქნება".