ორშაბათს, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი "ცეცხლს ეთამაშება". ეს იყო დონალდ ტრამპის რეაქცია ირანის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თეირანმა 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული, ურანით გამდიდრების ლიმიტს გადააჭარბა. შეთანხმება პრეზდენტ ტრამპის ინიციატივით, შეერთებულმა შტატებმა გასული წლის ნოემბერში დატოვა და ირანს შემდეგ დამატებითი სანქციებიც დაუწესა.
"იციან რასაც სჩადიან. იციან, რას ეთამაშებიან" - უთხრა ტრამპმა თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს. ცოტა ხნით ადრე, თეთრმა სახლმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკა "არასდროს მისცემს უფლებას" ირანს, ბირთვული იარაღი განავითაროს.
თეირანის განცხადებას გაეროს ზედამხედველი ორგანიზაცია, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოც ადასტურებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, თეირანს არ დაურღვევია ირანის ბირთვულ აკორდად წოდებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2015 წელს გაფორმდა. მისი თქმით, შეთანხმებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ მხარეს აქვს საპასუხო ნაბიჯის გადადგმის უფლება, თუკი მეორე მხარე ხელშეკრულებიდან გავა.