არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ყველაზე დიდი საფრთხე უბნების დახურვის პარალელურად გავრცელებული შესაძლო დეზინფორმაციაა. მათი თქმით, ამერიკის მოწინააღმდეგე რეჟიმების მიერ შესაძლოა ყალბი ცნობების დიდი ნაკადი ვიხილოთ.
არჩევნების მიმართულებით მომუშავე ექსპერტები შიშობენ, რომ ქვეყანა ყველაზე მოწყვლადი სწორედ ამ დროს იქნება, რადგან ამერიკელთა უმეტესობა გამარჯვებულის გამოვლენას სწორედ ამ პერიოდში, კენჭისყრის დღის ბოლოს ელის. თუმცა იმის გამო, რომ წელს მილიონობით ამერიკელი ხმას არა საარჩევნო უბანზე, არამედ ფოსტის მეშვეობით მისცემს, ეს შედეგები შესაძლოა არა თუ იმ ღამეს, არამედ შემდეგ დღესაც არ იყოს ცნობილი.
"ხმების დათვლის პროცესი ალბათ უფრო დიდხანს გაგრძელდება", - ამბობს ქრისტოფერ კრებსი, ამერიკის კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი. "ცოტაოდენი მოთმინება იქონიეთ. დემოკრატია ერთ ღამეში არ აშენებულა”, - მიმართა მან ამომრჩევლებს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრებსი მსგავს გაფრთხილებას ავრცელებს, თუმცა არჩევნებამდე ორი თვით ადრე და მაშინ, როდესაც უამრავი ამერიკელი ხმას ფოსტით მისცემს, ეს გზავნილი განსაკუთრებით საყურადღებო ხდება.
კოლორადოს სახელმწიფო დეპარტამენტის საინფორმაციო ოფიცრის, ტრევორ ტიმონსის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ახლა სწორედ შესაბამისი და მართებული მოლოდინების შექმნაა, როგორც მედიაში, ისე საზოგადოებაში. კოლორადო ერთ-ერთია იმ ცოტა შტატს შორის, რომელიც კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ყველა დარეგისტრირებულ ამომრჩეველს აძლევს უფლებას ხმა ფოსტის მეშვეობით მისცეს. ისინი საარჩევნო ბიულეტენსაც კენჭისყრის დღემდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღებენ.
თუმცა განსხვავებულია წესები იმისა, თუ როდის უნდა დაიწყონ შტატებმა ხმების დათვლა. კანონის თანახმად, კოლორადოში საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს ხმების დათვლის დაწყება არჩევნებამდე 15 დღით ადრე შეუძლიათ, მაგრამ შედეგები კენჭისყრის დღის დასრულებამდე არ უნდა გამოქვეყნდეს. ამის საპირისპირო რეგულაციები მოქმედებს სულ მცირე 15 სხვა შტატში, სადაც ფოსტით მიღებული ბიულეტენების დათვლა მათ მხოლოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ უნდა დაიწყონ, ზოგ სხვა შტატში კი - კენჭისყრის დღეს. ამ უკანასკნელ შტატებს შორისაა ისეთი შესაძლო მერყევი შტატებიც, როგორებიცაა ჯორჯია, მიჩიგანი, პენსილვანია და უისკონსინი.
ასევე ნახეთ: დაცულია თუ არა ამერიკის არჩევნები უცხო ქვეყნის ჩარევისგან?საარჩევნო სისტემის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სავარაუდოდ, ფოსტით ხმის მიცემის პროცედურა, ხმათა დატვლის პროცესსაც შეაყოვნებს. მათი თქმით, სავსებით შესაძლებელია, რომ 3 ნოემბრის ღამეს ჯერაც არ ვიცოდეთ, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ სურთ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ამომრჩეველმა ხმის მიცემისგან თავი არ შეიკავოს. "თუკი მოქალაქეები გადაწყვეტენ ხმა არ მისცენ იმის გამო, რომ პროცესს არ ენდობიან, მაშინ "ცუდი ტიპები" გაიმარჯვებენ", - ამბობს ტიმონსი. სწორედ იმის გამო, რომ ცუდისმსურველებმა არ გაიმარჯვონ, ტიმონსის თქმით, არჩევნების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები "ბრძოლის ველის გასაკონტროლებლად" მუშაობენ.
"ჩვენ ვკონცენტრირდებით ამერიკელ ხალხში მდგრადობის/გამძლეობის გამოსამუშავებლად", - ამბობს მეთიუ მესტერსონი, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩეველი კიბერუსაფრთხოების საკითხებში.
ამ ეტაპზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად როგორც ხელისუფლების, ისე კერძო კომპანიების პოლიტიკაში ისაა, თუ როგორ მიაწოდონ ამომრჩეველს მაქსიმალურად სანდო და სარწმუნო ინფორმაცია მაშინ, როდესაც დეზინფორმაციის ტალღა, რუსეთთან თუ სხვა საგარეო აქტორებთან დაკავშირებული მედია წყაროებისგან თუ სხვა ქსელებისგან, სავარაუდოდ, მასშტაბური იქნება.