ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

29 სექტემბერს პირველი საპრეზიდენტო დებატები გაიმართება


რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების საპრეზიდენტო ნომინაციისა და ეროვნული კონვენციების შემდეგ, წინასაარჩევნო ციკლში შემდეგი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა საპრეზიდენტო დებატებია.

დონალდ ტრამპი და მისი დემოკრატი მეტოქე - ჯო ბაიდენი ერთმანეთს პირისპირ 29 სექტემბერს, დებატებში შეხვდებიან. მანამდე კი ორივე მათგანის ყურადღება კრიტიკულად მნიშვნელოვანი შტატებისკენ იყო მიმართული - უისკონსინი, პენსილვანია და ჩრდილოეთ კაროლინა.

"ვფიქრობ, ჩვენ ორ კანდიდატს შორის ხმაურიან დებატებს ვნახავთ", - ამბობს ჯენიფერ მერციეკა, კომუნიკაციების პროფესორი ტეხასის უნივერსიტეტში. "ეს ორივე კანდიდატი მებრძოლია".

მერციეკა ამბობს, რომ დებატების სულისკვეთება "საბრძოლო" იქნება. ტრამპის დებატების სტილი კი ისეთივე იქნება, როგორც 2016 წელს. "ის გამუდმებით ესხმის თავს მოწინააღმდეგეს და არა მის არგუმენტს. დებატებისას არც მათი დაცინვის და არც დაჩაგვრის არ სცხვენია", - ამბობს ის და დასძენს, რომ პოზიციებს არც ბაიდენი დათმობს.

"ჩვენ ვნახეთ ბაიდენის დებატები 2012 წელს, რომელიც ჰგავდა ტრამპის სტილსაც. მან პოლ რაიანს, მის მეტოქეს დასცინა კიდეც. არ მგონია, რომ ბაიდენი დონალდ ტრამპივით უკიდურესად დამცინავი იქნება ოპონენტის მიმართ, ან დაემუქრება მას, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია მყარად იდგეს და არ შეშინდეს ან არ დაიჩაგროს", - ამბობს მარციეკა.

წინასაარჩევნო დებატების ფორმატი ათწლეულებია არ იცვლება. კანდიდატები შეკითხვებს მოდერატორისგან იღებენ და ერთმანეთის არგუმენტებსაც პასუხობენ. 2016 წელს პირველ საპრეზიდენტო დებატებს დაახლოებით 84 მილიონი ამერიკელი უყურებდა.

საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, 2020 წელს შესაძლოა ეს რეკორდი მოიხსნას, თუმცა კვლავ საკამათოა ის, თუ რეალურად რამდენად ცვლის დებატები ამომრჩევლის განწყობას. 2016 წელს, პიუს კვლევების ცენტრის მიხედვით, ამომრჩეველთა 10 % ამბობდა, რომ გადაწყვეტილება დებატების მიმდინარეობისას ან მის შემდეგ მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG