მოწოდება არჩევნებში მონაწილეობისკენ

პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანზიაციები საარჩევნო უბნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის მიყვანას ცდილობენ
შეერთებულ შტატებში არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანზიაციები აგიტაციას აძლიერებენ და მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

შაკეი ჰაინესი კოლეჯის სტუდენტების არჩევნებში რეგისტრაციის ორგანიზაციაზე 2005 წლიდან მუშაობს, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო.

ახლა ის ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. მისი თქმით: „ადამიანების მობილიზება საარჩევნო პროცესში მონაწილეობის მისაღებად შედარებით გაიოლდა, რადგან ხალხს კარგად ესმის ამის მნიშვნელობა.“

ამერიკელი სტუდენტობის ყველაზე ახალგაზრდა ნაწილი პირველად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. 18-დან 30 წლამდე ასაკის დაახლოებით 7 მილიონი ამერიკელი არ არის რეგისტრირებული, რაც მიუღებელია - მიიჩნევს შაკეი ჰაინესი.

მისი თქმით: „დემოკრატია პირველ რიგში ხალხის სამსახურში უნდა იდგეს და თუ ჩვენ ამ პროცესის ხელშეწყობას შევძლებთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ ტყუილად არ გვიშრომია.“

ჰოვარდის უნივერსიტეტის სტუდენტი ჯაი დუნგეი ნიუ ჯერსიდან არის. მისი თქმით: „ხმის მიცემა აუცილებელია, ეს პრივილეგიას არ წარმოადგენს და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები.“

არჩევნებზე პირველად მიდის ოჰაიოს შტატში მცხოვრები კორიონ ჯონსი. მისი თქმით: „ყველას უნდა ჰქონდეს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება, რაც ძალზე მნიშვნელოვანია.“

გაილ კიჩი ვაშინგტონში, არჩევნებში ჩართულობის დამოუკიდებელ ცენტრში მუშაობს, რომელიც რეგისტრაციის კამპანიაში მონაწილეობს. მისი აგიტაცია ფერადკანიან ახალგაზრდებზე და დაუქორწინებელ ქალებზეა მიმართული.

მისი თქმით: „ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ მზად არიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, გასაკუთრებით მაშინ, როდესაც ელ-ფოსტით სპეციალურ მოსაწვევებსაც ვუგზავნით. ამ დროს გულგრილი არავინ რჩება.“

ახალ მთავარია, არჩევნებზე დარეგისტრირებულმა ელექტორატმა 6 ნოემბერს შესაბამისი აქტიურობა გამოიჩინოს.