ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მეორე დებატების მოლოდინში


დღეს, ნიუ იორკის შტატში მდებარე ჰოფსტრას უნივერსიტეტში შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და მის რესპუბლიკელ მეტოქეს, მიტ რომნის შორის მეორე მნიშვნელოვანი დებატები გაიმართება. „ამერიკის ხმის” კორესპონდენტის, დენ რობინსონის თქმით, ამ დღისთვის ორივე კანდიდატი საგულდაგულოდ მოემზადა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტი ობამა მცირედი უპირატესობით სარგებლობს, ხოლო ძირითად სადავო შტატებში მისი და რომნის რეიტინგები ერთმანეთს უახლოვდება. ამ ფონზე, დებატების გამართვამდე, ორივე კანდიდატი დარწმუნებულია საკუთარ უპირატესობაში.

ბატონი რომნი დებატებისთვის ბოსტონის მხარეში ემზადება, პრეზიდენტ ობამას მზადება კი, ვირჯინიის შტატის ქალაქ უილიამსბურგში, მრჩევლებისა და კამპანიის წარმომადგენლების წრეში მიმდინარეობს.

ოფიციალური პირების თქმით, ობამა „მშვიდი და ენერგიულია”. ისინი თვლიან, რომ პრეზიდენტის გამოსვლა დინამიური იქნება, რომლის დროსაც ობამა დაამტკიცებს, რომ მისი პოლიტიკა, რომნის მიერ შემოთავაზებულ პოლიტიკასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი იქნება საშუალო ფენის ამერიკლეთათვის.

ორივე კანდიდატის კამპანიის ფარგლებში ახალი სარეკლამო რგოლები გამოჩნდა. ობამას საარჩევნო რგოლში მისი მომხრეები ფიგურირებენ, რომლებიც პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ. რომნის სარეკლამო რგოლში კი გამოყენებულია ამონარიდები მისი პირველი საპრეზიდენტო დებატებიდან.

„პრეზიდენტი ობამა იმას აკეთებს, რაც ხალხს სჭირდება და ეს არის სამუშაო ადგილები და ახალი შესაძლებლობების წახალისება.” „მხარი დაუჭირეთ ამ ადამიანს, ის ჩვენ პროგრესისკენ წაგვიყვანს.” - ნათქვამია ობამას წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლში.

რომნის სარეკლამო რგოლში კი შემდეგი ფრაზები გაისმის: „დააკვირდით უკანასკნელი ოთხი წლის მონაპოვარს. პრეზიდენტის პოლიტიკის გამო, საშუალო შემოსავლიანი ამერიკელები ჩაძირულია. ისინი გასრისეს.”

ობამას კამპანიის წარმომადგენლები არ საუბრობენ იმაზე, თუ როგორ ემზადება პრეზიდენტი ამჯერად და რა იქნება განსხვავებული პირველი დებატებისგან. თავად პრეზიდენტმა მისი პირველი დებატები „წარუმატებელ დღედ” შეაფასა.

ბრუკინგის ინსტიტუტის ანალიტიკოსის, სტეფან ჰესის თქმით, პრეზიდენტს შანსი ეძლევა, გამოასწოროს პირველი დებატებისას დაშვებული შეცდომები.

„პირველი დებატები უკიდურესად მნიშვნელოვანია. ეს ოდითგანვე ასე იყო. მაგრამ ყოფილა ვითარების შემობრუნების ისეთი მაგალითები, როგორიც არის რონალდ რეიგანის მეორე საარჩევნო კამპანია უილტერ მონდეილის წინააღმდეგ. ამ კამპანიის განმავლობაში პირველ დებატებში რეიგანს ძალიან ცუდი გამოსვლა ჰქონდა, თუმცა მისი მეორე დებატები ძალზედ ძლიერი იყო და არჩევნებში წარმატებაც დამაჯერებლად მოიპოვა,” - ამბობს სტეფან ჰესი.

ობასა და რომნის კამპანიების ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან შტატზე მახვილდება, როგორიც არის ოჰაიო. არცერთ რესპუბლიკელ კანდიდატს არ მოუგია საპრეზიდენტო არჩევნები ოჰიოს შტატის მოგების გარეშე. საზოგადოებრივი აზრის კვლევების მიხედვით, პრეზიდენტ ობამას ამ მხრივ უპირატესობა აქვს.

პრეზიდენტის მეუღლე, მიშელ ობამა, ორშაბათს, ოჰიოს შტატში სიტყვით გამოვიდა, რომლის დროსაც მან, მისივე თქმით, პრეზიდენტის მოსაზრებები გაახმოვანა. მეზობელ პენსილვანიის შტატში კი, ენ რომნიმ მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ პირველმა დებატებმა ამერიკელებს მისი მეუღლის „გაუფილტრავი” სახე წარმოაჩინა.

„მათ თავისი ყურით მოისმინეს და თავისი თვალით ნახეს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მზად არის ამ ქვეყნის სამართავად,” - განაცხადა ენ რომნიმ.

„მიზეზი, რის გამოც მე ჩემი მეუღლე შემიყვარდა მისი ხასიათია - მისი წესიერება და პატიოსნება - ეს სწორედ ის თვისებებია, რასაც ის ყოველდღიურად ამჟღავნებს როგორც პრეზიდენტი,” - ამბობს მიშელ ობამა.

ამომრჩეველთან პირისპირ გამართული შეხვედრის ფორმატში დაგეგმილი მეორე დებატები სამშაბათს, 16 ოქტომბერს, გაიმართება. ანალიტიკოსების თქმით, ეს დებატები ტესტი იქნება ორივე კანდიდატისათვის, როდესაც აუდიტორიიდან დასმულ შეკითხვებს სპონტანურად გასცემენ პასუხებს. მოდერატორის მხრიდან მოსალოდნელია დამატებითი შეკითხვების დასმა.

მომავალ კვირას, ფლორიდის შტატში დაგეგმილი მესამე და ბოლო დებატების მთავარი თემა საგარეო პოლიტიკა იქნება.
XS
SM
MD
LG