ბოლო კვირებში, პრეზიდენტ ტრამპის ხელმეორე არჩევისკენ მიმავალი გზა უფრო რთულდებოდა.
ის ძლიერი ეკონომიკის შესახებ საუბარს აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ეკონომისტის გაფრთხილების მიხედვით, შესაძლოა 2020 წლისთვის შეერთებული შტატები რეცესიისკენ წავიდეს.
დიდი შვიდეულის შეხვედრაზე გამგზავრების წინ გამართული პრეს-კონფერენციის დროს, ტრამპმა ჩინეთთან ვაჭრობის საკითხისადმი საკუთარი მიდგომა დაიცვა, რომელსაც ზოგიერთი ქაოტურად მიიჩნევს, პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ მოლაპარაკების ასეთ ტაქტიკას წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდა და ახლა ის ქვეყნისთვის კიდევ უფრო წარმატებულია.
პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა ამომრჩევლები, რომ მომავალი წლის არჩევნებში მისი შესაძლო დამარცხება, ქვეყანას ძირს დასცემს.
თუმცა, ჩინეთთან სავაჭრო ომი ზარალიანია და ზოგიერთი ეკონომისტი ამბობს, რომ მომავალი წლის რეცესიას, ტრამპის ხელმეორედ არჩევის შანსის დამსხვრევა შეეძლება.
ტრამპის დემოკრატი მეტოქეები, მათ შორის, დემოკრატთა შორის საარჩევნო რბოლის ამჟამინდელი ლიდერი ჯო ბაიდენი, ტრამპის მიერ ეკონომიკის მართვას აკრიტიკებენ.
ტრამპს მეტოქე საკუთარი პარტიის შიგნითაც გამოუჩნდა. ილინოისის შტატის ყოფილი გუბერნატორი ჯო უოლში ტელევიზიით ხშირად ჩნდებოდა და აცხადებდა, რომ ტრამპი პრეზიდენტობისთვის შეუფერებელია და „ამ კაცის ბოღმით ქვეყანა დაიღალა. ის ბავშვია.“
რესპუბლიკელებს შორის ტრამპის უპირატესი მხარდაჭერის ფონზე, შესაძლოა უოლში მხოლოდ გამაღიზიანებელი იყოს და სხვა არაფერი.
უოლშთან ერთად რბოლაში კიდევ ერთი რესპუბლიკელი, მასაჩუსეტსის გუბერნატორი უილიამ ველდია ჩართული.
ამერიკის ისტორია აჩვენებს, რომ პირველადი (შიდა პარტიული) არჩევნების ფაზაში პრეზიდენტის მეტოქის გამოჩენა მის პოლიტიკურ პრობლემებზე მიანიშნებს.
1968 წელს, დემოკრატი იუჯინ მაკარტი, ვიეტნამის ომის თემაზე პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონს დაუპირისპირდა და ჯონსონი საბოლოოდ რბოლას გამოეთიშა.
პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა 1980 წლის პირველად არჩევნებში სენატორ ტედ კენედის გამოწვევას გაუძლო, მაგრამ კარტერის სისუსტეები და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები წარმოჩინდა და საყოველთაო არჩევნებში კარტერი რონალდ რეიგანმა დაამარცხა.
1992 წელს კონსერვატორმა პატ ბიუკენენმა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის წინააღმდეგ დიდი შეტევა წამოიწყო, რამაც ეკონომიკის საკითხში ბუშის სისუსტე გამოავლინა. ეს სისუსტე დემოკრატმა ბილ კლინტონმა გამოიყენა და საყოველთაო არჩევნებით პრეზიდენტი გახდა.
გაზეთ „იუ ეს ეი თუდეი“-ს პოლიტიკური კორესპონდენტი და ანალიტიკოსი სუზან პეიჯი ამბობს, რომ თანამედროვე ისტორიაში, ხელმეორე არჩევნებში არასდროს დამარცხებულა პრეზიდენტი, რომლის დროსაც ძლიერი აღმავლობა ხდება, მაგრამ იმავე დროს, ხელმეორედ არასდროს აურჩევიათ პრეზიდენტი, როდესაც ქვეყანა რეცესიის პირობებშია.
ტრამპი ეკონომიკის საკითხში ყოველთვის მაღალ შეფასებებს იღებს, რომელიც მის საერთო შეფასებას ბევრად აღემატება, მაგრამ „ასოშეიტედ პრესის“ გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტის პიროვნული თვისებები, ეკონომიკის სფეროში მისი დადებითი პოზიციის ძირის გამოთხრას იწყებს.
„მორნინგ კონსალტ-პოლიტიკო“-ს მიერ ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2020 წლის არჩევნების პოტენციური შედეგი იქნება ბაიდენის ტრამპზე გამარჯვება 42 პროცენტით 35 პროცენტის წინააღმდეგ. ბერნი სანდერსი კი ტრამპს 40 პროცენტით 35 პროცენტის წინააღმდეგ მოუგებს.
ტრამპს მასაჩუსეტსის სენატორ ელიზაბეთ უორენთან თანაბარი - 35 პროცენტი ექნება და დემოკრატების ყველა დანარჩენ პრეტენდენტს გაუსწრებს.