თურქეთის ვაჭრობის მინისტრი ამბობს, რომ მისი ქვეყანა საპასუხო ღონისძიებებს მიმართავს, თუკი ამერიკა ქვეყანას ახალ სანქციებს დაუწესებს. სანქციები შეერთებულმა შტატებმა თურქეთს დაპატიმრებული ამერიკელი პასტორის გათავისუფლების უშედეგო მოწოდებების შემდეგ დაუწესა.
„ჩვენ უკვე ვუპასუხეთ ამ სანქციებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების შესაბამისად და ასევე გავაგრძელებთ“, - განაცხადა ვაჭრობის მინისტრმა რუსარ პეკჩანმა. განცხადება ქვეყნის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ „ანადოლუმ“ გაავრცელა.
ამერიკის ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი ამბობს, რომ შეერთებული შტატები მზადაა თურქეთს მეტი სანქციები დაუწესოს, თუკი ამერიკელი პასტორი ენდრიუ ბრანსონი არ გათავისუფლდება. მან ამის შესახებ კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტი და ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.
ამ თვის დასაწყისში ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს. პასტორი, რომელიც თურქეთში 20 წელზე მეტ ხანს ცხოვრობდა ამჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება. მისი მრევლი ქალაქ იზმირში დაახლოებით 20-მდე ევანგელისტისგან შედგებოდა.