ვაშინგტონმა კიევს ახალი სამხედრო დახმარება გამოუყო. პენტაგონის მონაცემებით, 325-მილიონიანი დახმარების პაკეტი მოიცავს ამუნიციას ანტისაჰაერო სისტემებისთვის, საბრძოლო მანქანებსა და ტყვია-წამალს ჯარისთვის.
საერთო ჯამში ეს მე-40 დახმარების პაკეტია, რომელიც უკრაინაში ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით იგზავნება და მისი ღირებულება 325 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს პირველი დახმარების პაკეტია, მას შემდეგ რაც კიევმა დაადასტურა, რომ კონტრშეტევა, რომელიც თვეების განმავლობაში იგეგმებოდა, დაიწყო.
ასევე ნახეთ: "ამ სანქციების სრულად აღსრულება, არ აზარალებს საქართველოს ეკონომიკას" - სახელმწიფო დეპარტამენტისამხედრო მოქმედებების დროს კიევმა დაკარგა რამდენიმე სამხედრო ავტომობილი, რის გამოც პარტნიორები მას დანაკარგის შევსებაში ეხმარებიან და ფრონტზე უკრაინის პოზიციებს აძლიერებენ.
პაკეტი მოიცავს 15 "ბრედლის" ტიპის საბრძოლო მანქანას, 10 "სტრაიკერის" ჯავშანტრანსპორტიორს, უსაფრთხო საკომუნიკაციო აღჭურვილობას და 22 მილიონზე მეტ ერთეულ მცირე ზომის ამუნიციას.
უკრაინა ასევე მიიღებს დამატებით საბრძოლო მასალას საჰაერო სარაკეტო სისტემა "ნასამსებისთვის" (NASAMS), საარტილერიო სარაკეტო სისტემა "ჰაიმარსებისთვის" (HIMARS), 155 მმ "ჰაუბიცებისთვის" და "სტინგერის" საზენიტო სისტემებისთვის. პაკეტი ასევე შეიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ ვაშინგტონმა 2022 წლის 24 თებერვლიდან დაახლოებით 40 მილიარდი დოლარი უზრუნველყო უკრაინის უსაფრთხოებისთვის.