კონგრესთან კონსულტაციის საფუძველზე, შეერთებული შტატები თურქეთს F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს მიაწვდის. განცხადება სამშაბათს, 11 ივლისს, თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა გააკეთა. მის განცხადებას ერთი დღით უსწრებდა თურქეთის თანხმობა, ნატოში შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
ანკარა შვედეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას თვეების მანძილზე ეწინააღმდეგებოდა და ამ გზაზე სტოკჰოლმის მთავარი დამაბრკოლებელი გახდა. როგორც თურქეთის ოფიციალური პირები, ისე თეთრი სახლის ადმინისტრაცია უარყოფს, რომ ეს გარიგების ნაწილი იყო. ანკარამ შვედეთს მწვანე შუქი მხოლოდ მას შემდეგ აუნთო, რაც ვაშინგტონი საბრძოლო თვითმფრინავების შესყიდვაზე დაითანხმა.
თურქეთი შეერთებული შტატებისგან $20 მილიარდის ღირებულების F-16 საბრძოლო თვითმფრინავებს და მათი მოდერნიზაციის 80-მდე კომპლექტს ოფიციალურად 2021 წლის ოქტომბრიდან ითხოვდა. დიპლომატების და ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა შვედეთის ალიანსში გაწევრიანების საკითხი ვაშინგტონზე ზეწოლისთვის გამოიყენა, რათა საბოლოო თანხმობისთვის მიეღწია.
ვილნიუსში ნატოს სამიტის გახნის წინ, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჯეიკ სალივანმა თქვა, რომ ამერიკის პრეზიდენტი "გარკვევით ამბობდა, რომ ის ტრანსფერს მხარს უჭერდა". სალივანს ჟურნალისტებთან თვითმფრინავების გადაცემის ვადები არ დაუკონკრეტებია.
ასევე ნახეთ: სტოლტენბერგის თქმით, ანკარა აღარ დაბლოკავს შვედეთის განაცხადს ნატოში გაწევრიანებაზეთურქეთისთვის F-16-ების მიყიდვას დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი ბლოკავდა, შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე. ორშაბათს, 10 ივლისს მან თქვა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებას აწარმოებს და საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლებელია "მომავალ კვირაში" მიიღონ.
ანკარა საკუთარ წინააღმდეგობას აქამდე შვედეთის მთავრობის მხრიდან თურქეთის ქურთი უმცირესობის მხარდაჭერით ხსნიდა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთს, ევროკავშირს და შეერთებულ შტატებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული. ორშაბათს, 10 ივლისს კი თურქეთმა განაცხადა, რომ შვედეთი აღარ დაეხმარება ქურთთა ჯგუფებს და ის ასევე მხარს დაუჭერს თურქეთის გაწევრიანებას ევროკავშირში.
ნატოში შვედეთის გაწევრიანების გზაზე თურქეთის მიერ ბოლო დაბრკოლების მოხსნას რუსეთიც გამოეხმაურა. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ ფაქტს რუსეთის უსაფრთხოებაზე "უარყოფითი გავლენა" ექნება და მოსკოვი იძულებული გახდება მას პასუხი გასცეს.
აქამდე ნეიტრალურმა შვედეთმა და ფინეთმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ მიიღეს. ფინეთი ნატოს წევრი ცოტა ხნის წინ გახდა, შვედეთს კი თურქეთი აბრკოლებდა.
ალიანსში ახალი წევრის მიღებას მისმა 31-ივე წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი. შვედეთის გაწევრიანების შემდეგ, ნატო კიდევ უფრო გაფართოვდება და დასავლეთის თავდაცვითი ალიანსის წევრების რაოდენობა 32-ს მიაღწევს.
ასევე ნახეთ: ბაიდენი ერდოღანს F-16-ებისა და შვედეთის თაობაზე ესაუბრა