უკრაინის მხარდაჭერა ვაშინგტონში ორპარტიულია - ამერიკის ელჩი გაეროში

ლინდა თომას-გრინფილდი (მარჯვნივ) უკრაინაში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის (მარცხნივ) შეხვდა. 8 ნოემბერი, 2022 წ.

შეერთებული შტატების წარმომადგენელი გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდი ამბობს, რომ არჩევნების შედეგების მიუხედავად, ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შეიცვლება. „ამერიკის ხმა“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ამერიკის ელჩს 7 ნოემბერს, ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში ვიზიტის დროს ესაუბრა.

"ამერიკის ხმის" კითხვის პასუხად, მოსალოდნელია თუ არა შუალედურ არცევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინის მიმართ აშშ-ის დახმარების შემცირება, ლინდა თომას-გრინფილდმა თქვა, რომ საშინაო პოლიტიკაზე საუბრისგან ის თავს შეიკავებს. „თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის მხარდაჭერა ორპარტიული იყო და პრეზიდენტი იმუშავებს კონგრესის ნებისმიერ შემადგენლობასთან, რათა დარწმუნდეს უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი ერთგულების გაგრძელებაში“ - აღნიშნავს ამერიკის ელჩი გაეროში და დასძენს: „ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას მანამ, სანამ ისინი უკრაინას არ დატოვებენ“.

ასევე ნახეთ: რუსეთი ხორბლის ექსპორტთან დაკავშირებულ შეთანხმებას უბრუნდება

ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, რუსეთმა და ირანმა აუცილებლად უნდა აგონ პასუხი უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების გამო, რაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების დარღვევას წარმოადგენს. სამხედრო დრონების რუსეთისთვის გადაცემის ფაქტი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე აღიარა. თუმცა, თეირანის განცხადებით, მათ მოსკოვს დრონები ადრე მიაწოდეს.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ განახლდეს ხორბლეულის ექსპორტის საკითხებზე რუსეთთან მიღწეული შეთანხმება, რაშიც ლინდა თომას-გრინფილდის თქმით, გაეროს და თურქეთს დიდი წვლილი მიუძღვით. „გასულ კვირაში რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლამ ბაზრებზე ბევრი რყევა გამოიწვია. ახლა იმედი გვაქვს, რომ ის გახანგრძლივდება“ - განაცხადა ამერიკის ელჩმა გაეროში. ის თვლის, რომ შეთანხმება არამარტო მსოფლიოსთვის და სურსათის უსაფრთხოების პრობლემების წინაშე მყოფი ქვეყნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ უკრაინისთვის და თავად რუსეთისთვისაც.

22 ივლისს, გაეროს და თურქეთის შუამავლობით რუსეთთან დადებულ შეთანხმებას ვადა 19 ნოემბერს გასდის. ევროკავშირში ვარაუდობენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხელშეკრულების განახლებას დიდი ოცეულის მომდევნო შეხვედრაზე დომინირების მიზნით, ერთგვარ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენებს. სამიტი მომავალ თვეში ინდონეზიაში იგეგმება.