ამერიკის 8 შტატში შიდა-პარტიული არჩევნები ტარდება

სამშაბათს, ამერიკის 8 შტატში და ქალაქ ვაშინგტონში დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების შიდა-პარტიული არჩევნები იმართება.

ოთხი მათგანი უფრო ადრე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაყოვნდა.

არჩევნებით შეარჩევენ ნომინანტებს, რომლებიც 3 ნოემბერს, ეროვნულ არჩევნებში, სენატის და წარმომადგენელთა პალატის ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ასევე ნახეთ: ტრამპმა საპროტესტო აქციების დასრულების პირობა დადო

თუმცა, შესაძლოა არჩევნების დღემ, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია ოფიციალურად მისცეს. ბაიდენი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტ ბარაკ ობამას გუნდში მეორე პოზიციაზე ორი ვადით მსახურობდა, წინასწარ უკვე განიხილება, როგორც ნომინანტი. დემოკრატების საპრეზიდენტო რბოლას 20 სხვა კანდიდატი გამოეთიშა.

ვერმონტის სენატორი ბერნი სანდერსი, ბაიდენის ბოლო დამარცხებული მეტოქე, ბიულეტენში რჩება. აგვისტოში, პარტიის ეროვნულ ყრილობაზე მან შეიძლება უფრო მეტი დელეგატი მოიპოვოს. იმის მიხედვით, თუ რამდენ დელეგატს მოიპოვებს სანდერსი, ბაიდენს შესაძლოა საპრეზიდენტო ნომინაციის მოპობების საშუალება არ მიეცეს, სხვა შტატების შიდა-პარტიულ არჩევნებამდე, რომელიც ივნის-ივლისში ჩატარდება.

ბაიდენს კიდევ 425 დელეგატი სჭირდება, რომ ყრილობაზე ნომინაციის მოსაპოვებლად (1991 დელეგატით) უმრავლესობა ჰქონდეს. სამშაბათის არჩევნების სასწორზე 479 დელეგატია.

არჩევნები საპროტესტო ტალღის ფონზე

ინდიანის, მერილენდის, პენსილვანიის და როდ-აილენდის ამომრჩევლები უბნებზე მიდიან ან ხმას ფოსტის საშუალებით აძლევენ. ამ შტატებში, არჩევნები კორონავირუსის გამო დაყოვნდა. დაგეგმილი არჩევნები ტარდება აიოვაში, მონტანაში, ნიუ-მექსიკოში, სამხრეთ დაკოტაში და ასევე ქალაქ ვაშინგტონში.

არჩევნები ტარდება იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლებშია გახვეული და კორონავირუსის გამო დაკეტილი ბიზნესები შეზღუდვებით იხსნება.

ასევე ნახეთ: პანდემია ამერიკის სენატის კონტროლისთვის ბრძოლას ართულებს

ამის შედეგად, შესაძლოა ამომრჩეველთა აქტიურობა ჩვეულებრივთან შედარებით დაბალი იყოს, თუმცა ზოგიერთ შტატში ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემამ, ამომრჩეველთა აქტიურობა მკვეთრად გაზარდა.

მერილენდის შტატში, დემოკრატმა კონგრესმენმა კვეისი მფუმემ, გარდაცვლილი კონგრესმენის ელია კუმინგსის ადგილი რამდენიმე კვირის წინ, საგანგებო არჩევნებით მიიღო. თუმცა, იქამდე სანამ ორწლიანი ვადით ამ ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს, კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად პარტიულ არჩევნებში რამდენიმე მეტოქე, მათ შორის კუმინგსის ქვრივი მაია როკიმურ კუმინგსი უნდა დაამარცხოს.

მონტანას შტატში, ამჟამად მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი სტივ დეინსი, პარტიულ არჩევნებში ფავორიტად მოიაზრება. მისი სავარაუდოდ მოსალოდნელი გამარჯვება, მას ნოემბრის საკვანძო სენატის ჭიდილში, გუბერნატორ სტივ ბალოკის პირისპირ დააყენებს. ბალოკი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის წარუმატებლად იბრძოდა და ახლა სენატის ნომინაციისთვის ფავორიტად მიიჩნევა.

რესპუბლიკელები სენატს მცირე უმრავლესობით აკონტროლებენ. არჩევნებმა შესაძლოა სენატის კონტროლის ბედი გადაწყვიტოს. ამ კუთხით, ნოემბრის არჩევნებში დეინს-ბალოკის დაპირისპირება ერთ-ერთი საკვანძო რბოლა იქნება.

სენატისთვის რესპუბლიკელების პარტიული არჩევნები ნიუ-მექსიკოში, კონგრესისთვის არჩევნები პენსილვანიაში და აიოვაში ჩატარდება.