ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა საპროტესტო აქციების დასრულების პირობა დადო


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, ამერიკის მოსახლეობას თეთრი სახლის ვარდების ბაღიდან მიმართა. მან საკუთარ თავს "კანონის და წესრიგის" პრეზიდენტი უწოდა და ამერიკელებს დაპირდა, რომ ქვეყანაში წესრიგს "ახლავე" აღადგენს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ვარდების ბაღში თითქმის 8 წუთის განმავლობაში მიმართავდა ერს. სიტყვით გამოსვლისას მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა უკვალოდ არ ჩაიაროს. მან ასევე დასძინა, რომ “ჩემი პირველი და უმაღლესი მოვალეობა, როგორც პრეზიდენტისა ისაა, რომ დავიცვა ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყანა და ამერიკელი ხალხი. მე ფიცი დავდე, რომ დავიცავდი ჩვენი ერის კანონებს და ეს სწორედ ისაა, რასაც მე ვაკეთებ.”

პრეზიდენტის თქმით, ის მობილიზებას უკეთებს "ყველა ფედერალურ რესურსს - სამოქალაქოს და სამხედროს, ამბოხის, ძარცვის, ნგრევის და ხანძრების გაჩენის შესაჩერებლად და კანონმორჩილი ამერიკელების უფლებების დასაცავად, მათ შორის, მეორე დამატების დასაცავად. შესაბამისად, შემდეგი ზომები დაუყოვნებლივ შევა ძალაში."


"პირველი, ჩვენ ვამთავრებთ ამბოხს და უკანონობას, რომელიც მთელს ქვეყანაში გავრცელდა. ჩვენ მას ახლავე დავამთავრებთ. დღეს, მე ყველა გუბერნატორს მტკიცედ მოვუწოდე ეროვნული გვარდიის სათანადო რაოდენობა გაგზავნოს ქუჩებში კონტროლის მოსაპოვებლად. მერებმა და გუბერნატორებმა უნდა წარმოადგინონ სამართალდამცავები დიდი რაოდენობით, ვიდრე ძალადობა არ ჩაცხრება. თუ ქალაქი ან შტატი უარს იტყვის მიიღოს ზომები, რომლებიც საჭიროა საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე ამერიკის შეერთებული შტატების ჯარს გავგზავნი და ამ პრობლემას გადავჭრი."

ამით პრეზიდენტმა მიუთითა, რომ ის აამოქმედებს 1807 წელს მიღებულ კანონს, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ამერიკის შეერთებული შტატების ჯარის გაგზავნის უფლებას აძლევს.

"ერთი კანონი და ერთი წესრიგი. ესაა რაცაა. ერთია კანონი, ჩვენი მშვენიერი კანონი. როცა ის აღდგება და ის სრულად აღდგება, ჩვენ თქვენ დაგეხმარებით. ჩვენ დავეხმარებით თქვენს ბიზნესებს და ჩვენ დავეხმარებით თქვენს ოჯახებს. ამერიკა დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე. ეს ჩვენი ეკონომიკური წარმატების, თავისუფლებისა და ჩვენი ცხოვრების სტილის საფუძველია. მაგრამ არ არსებობს კანონი, არ არსებობს შესაძლებლობები, როცა არ არსებობს სამართლიანობა, არ არსებობს არც თავისუფლება და არ არსებობს უსაფრთხოება. არ არსებობს არც მომავალი. ჩვენ არ უნდა მივეცეთ ბრაზს და სიძულვილს. თუ ბოროტება და ძალადობა მეფობს, არავინაა თავისუფალი. მე დღეს ამ ნაბიჯს ვდგამ.

მოგიწოდებთ სიმტკიცისკენ და ჩვენი ქვეყნის ნამდვილი და გულითადი სიყვარულისკენ. ჩვენ საუკეთესო დღეები ჯერ ისევ წინ გვაქვს. ძალიან დიდი მადლობა! ახლა მე წავალ და პატივს მივაგებ ძალიან, ძალიან მნიშვნელოვან ადგილს. დიდი მადლობა."

ამ გამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლიდან, წმინდა ჯონის ეკლესიაში ფეხით გადავიდა. ეკლესია თეთრ სახლთან ძალიან ახლოს, ლაფაეტის პარკის მეორე მხარეს მდებარეობს და ის ისტორიული ძეგლია. პრეზიდენტი ეკლესიის წინ დადგა და ბიბლიით ხელში პირობა რამდენიმე წუთი დაჰყო.

პრეზიდენტის გამოსვლის პარალელურად, ვაშინგტონში საპროტესტო აქცია გრძელდებოდა. პოლიციამ ქუჩის გადაღმა მდებარე ლაფაეტის პარკის ტერიტორიაზე მისული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.ტრამპმა ქალაქების მერებს და შტატების გუბერნატორებს მოუწოდა, გამოაცხადონ ეროვნული გვარდიის მობილიზაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ სამხედრო ძალას მიმართავს:

"თუკი ქალაქი ან შტატი უარს იტყვის ქმედებაზე, რომელიც საჭიროა მისი მოქალაქეების სიცოცხლის და საკუთრების დასაცავად, მაშინ მე განვალაგებ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს და პრობლემას მათ ნაცვლად უცებ გადავჭრი" - განაცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG