ამერიკა ირანს დათმობებზე წასვლისკენ მოუწოდებს

ბაიდენის ადმინისტრაცია ირანს მიანიშნებს, რომ თეირანს იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ ვაშინგტონი ბირთვული შეთანხმების მოლაპარაკების ფარგლებში დიდ დათმობებზე წავა.

ასევე ნახეთ: ამერიკა და ირანი შეთანხმების მიღწევასთან ახლოს ჯერ არ არიან

ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკვე შესთავაზა ირანს ყველა საკითხი, რომელზეც ამერიკა პოზიციის შეცვლას არ გამორიცხავს. არაპირდაპირი მოლაპარაკების მიზანი შეერთებული შტატების ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნებაა. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ორგანიზებით, 2015 წელს ირანთან ბირთვულ შეთანხმებას ხელი ექვსმა ქვეყანამ მოაწერა, სამი წლის შემდეგ კი პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკა შეთანხმებიდან გამოიყვანა.

ვაშინგტონის შეთანხმებაში დაბრუნება, ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირანზე იქნება დამოკიდებული, რადგან ახლა ირანის ჯერია დათმობებზე წავიდეს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება დაიწყოს.