გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის ადამიანის უფლებათა საბჭოში 18 ახალი წევრის მიღებას. საბჭო დღეს 46 წევრს აერთიანებს. კანდიდატ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი შეერთებული შტატებია. ვაშინგტონი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აღდგენას ითხოვს, რადგან პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში, 2018 წელს ამერიკამ ის დატოვა.
დანარჩენ კანდიდატ ქვეყნებს შორის არიან: არგენტინა, ინდოეთი, ლიეტუვა, ყატარი, სომალი. ზოგიერთი სახელმწიფო სხვებთან შედარებით წინააღმდეგობრივად მიიჩნევა, როგორც კანდიდატებს შორის, ისე უკვე მოქმედ წევრებში, რადგან წევრებს მოეთხოვება "ადამიანის უფლებების დაწინაურების და დაცვის უმაღლესი სანდარტები" როგორც შინ, ისე ქვეყნის საზღვრებს მიღმა.
ასევე ნახეთ: გაეროს სამიტზე ყველაზე ხშირად კლიმატის ცვლილებასა და კორონა ვირუსზე საუბრობდნენსაბჭოს რეპუტაცია რამდენადმე შერყეულია. დიპლომატიურ წრეებში მას აფასებენ რამდენიმე ძლიერი ანგარიშის მომზადებისთვის, მათ შორის - ომის დანაშაულებათა შესახებ სირიაში, თუ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების თაობაზე ჩრდილოეთ კორეაში, ირანში, მიანმარში და სხვა ქვეყნებში. მაგრამ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მასში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ისეთი მძიმე დამრღვევები არიან, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი და პაკისტანი. საბჭოს ასევე აკრიტიკებენ ხშირ შემთხვევაში ისრაელზე ფოკუსირებისთვის.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა, რათა ჩაენაცვლებინა უფუნქციო ადამიანის უფლებათა კომისია, რომელიც დაიშალა. მაშინ ამერიკის პრეზიდენტი უმცროსი ჯორჯ ბუში იყო. რესპუბლიკელ პრეზიდენტს, პოსტზე მეორე ვადით ყოფნის მიწურულს, წევრობისთვის აღარ მიუმართავს. 2008 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტად დემოკრატი ბარაკ ობამა აირჩიეს, რომელმაც 2009 წელს, თეთრი სახლის დაკავებისთანავე ამერიკა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში დააბრუნა. ობამა თვლიდა, რომ საბჭოს მუშაობის გაუმჯობესება მხოლოდ იქ მუშაობით შეიძლებოდა.
ასევე ნახეთ: გაეროს ლტოლვილთა შესახებ კონვენციას 70 წელი შეუსრულდა