ვენესუელაში შეერთებული შტატების საგანგებო დესპანმა ელიოტ აბრამსმა, ვენესუელის კრიზისის თაობაზე რუს ოფიციალურ პირებთან რომში გამართული მოლაპარაკებები დაახასიათა, როგორც „სასარგებლო, შინაარსიანი და სერიოზული.“ მან თქვა, რომ ამ მოლაპარაკებებმა შეერთებულ შტატებს მისცა საშუალება გაეგო, „პრეზიდენტ მადუროსგან განსხვავებით, რუსეთი ვენესუელის კრიზისს, მეტწილად ეკონომიკური და ჰუმანიტარული ასპექტით, განიხილავს, როგორც ძალიან სერიოზულს.“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვთან შეხვედრის შემდეგ აბრამსმა განაცხადა, რომ „საერთო აზრზე ვერ დავდექით, მაგრამ მოლაპარაკებები დადებითი იყო იმ გაგებით, რომ ორივე მხარემ ერთმანეთის მოსაზრებები უკეთ გაიგო.“
ამერიკას და რუსეთს ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ლეგიტიმაციის შესახებ განსხვავებული მიდგომა აქვს. შეერთებულმა შტატებმა თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ხუან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ ლიდერად აღიარა, რუსეთი კი მადუროს აღიარებას აგრძელებს. გუაიდო იტალიამაც არ აღიარა.
აბრამსი იტალიის პრემიერ მინისტრ ჯუზეპე კონტის დიპლომატიურ მრჩეველ პიეტრო ბენასის შეხვდა. აბრამსმა თქვა, რომ შეერთებული შტატები იტალიის მთავრობაზე წნეხს არ ახორციელებს, რათა მან გუაიდო ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიაროს.
იტალიის დედაქალაქში შეხვედრები იმ დროს გაიმართა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ ახალი სანქციები, ამჯერად ოქროს მომპოვებელი სახელმწიფო კომპანია „მინერვენის“ და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ დააწესა.
მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვენესუელის მომავალთან დაკავშირებით „ყველა ვარიანტი განიხილება.“
პრეზიდენტმა თქვა, „არაფერი გვსურს გარდა იმისა, რომ დავეხმაროთ უამრავ ადამიანს, რომელიც შიმშილობს და ქუჩაში კვდება. ის, რაც ხდება, სამარცხვინოა.“
აბრამსმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს იმის გამო, რომ „ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ან სხვებთან ერთად ვენესუელის მომავლის შესახებ, რადგან ვენესუელის მომავალი ვენესუელელებმა უნდა აირჩიონ.“
მოსკოვმა შეერთებული შტატები მკაცრად გააფრთხილა, რომ ვენესუელაში „სამხედრო ჩარევის ცდუნებას არ აჰყვეს.“ რუსული ახალი ამბების სააგენტო „ტასსი“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ციტირებას ახდენს, რომელმაც თქვა, რომ „ვთვლით, რომ ვაშინგტონი ჩვენს პრიორიტეტებს, მიდგომას და გაფრთხილებებს სერიოზულად ეკიდება.“
აბრამსმა ვენესუელის კრიზისის თაობაზე რუსეთთან მომავალში შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა, მაგრამ თქვა, რომ ამის თარიღი არ დადგენილა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ვენესუელის კრიზისის თემაზე, პრეზიდენტი ტრამპი პარასკევს ყარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ლიდერებთანაც იმსჯელებს.