შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინამ რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების სია გამოაქვეყნა, თუმცა თეთრმა სახლმა ახალი სანქციების დაწესებაზე კონგრესს უარი უთხრა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტმა საკანონმდებლო ორგანოს ორშაბათს აცნობა.
კონგრესის მანდატით აგვისტოში სანქცირებულთა სიის გამოქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციას 180 დღე ჰქონდა. პრეზიდენტმა კონგრესის მიერ თითქმის ერთხმად მიღებულ სანქციებს, რომელიც 2016 წლის არჩევნებზე კრემლის ჩარევის გამო დაწესდა, ხელი ენთუზიაზმის გარეშე მოაწერა. დონალდ ტრამპის თქმით, კანონი ამერიკული კომპანიების „და ჩვენი ევროპელი მოკავშირეების ინტერესებს აზარალებს“.
სიაში რუსეთის 114 წამყვანი პოლიტიკოსი და 96 ოლიგარქია. მათ შორის: რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ენერგეტიკის, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის მინისტრები. ბიზნეს-ლიდერებიდან სახელდებიან: ალუმინის მაგნატი ოლეგ დერიპასკა, „სბერბანკის“ მმართველი გერმან გრეფი, გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი და მრავალი სხვა. სიაში მითითებულია თითოეული მათგანის ქონების მოცულობა და პოლიტიკურ ლიდერებთან სიახლოვე.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შეერთებული შტატების ნაბიჯს „უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ ამ სვლით სიაში დასახელებულები ამერიკის დეფაქტო მტრებად არიან გამოცხადებულები. სანქცირებულთა შორის დიმიტრი პესკოვიცაა.