ამერიკა განაახლებს ყოფილი სახელმწიფო მდივნის დაცვას ირანისგან გაჟღერებული მუქარის გამო

ბაიდენის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ განაახლა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოსა და მისი ერთ-ერთი მთავარი თანაშემწისთვის გამოყოფილი დაცვის პროგრამა. პომპეო და მისი თანაშემწე ირანის მხრიდან მუდმივი მუქარის სამიზნეები იყვნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გასული თვის ბოლოს აცნობა, რომ მუქარები პომპეოსა და ტრამპის ადმინისტრაციის დროინდელი, ირანში ამერიკის ელჩის, ბრაიან ჰუკის წინააღმდეგ რჩება "სერიოზული და რეალური".

მუქარის შემცველი ინფორმაცია 2023 წლის 19 დეკემბრითაა დათარიღებული, თუმცა ისინი კონგრესს 22 დეკემბრამდე არ გადასცემია. ინფორმაცია მუქარების შესახებ სააგენტო "ასოშიეთიდ პრესმა" მოიპოვა.

მას შემდეგ, რაც ისრაელმა 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხოდ "ჰამასის" წინააღმდეგ ღაზის სექტორში ომი წამოიწყო, დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში სულ უფრო მატულობს. ისრაელ-"ჰამასს" შორის მიმდინარე ომის გარდა, შეტაკებები და თავდასხმები ხორციელდება რეგიონში არსებული სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც. ბოლო შემთხვევა მიმდინარე კვირას, ირანში, ამერიკელი სამხედროების მიერ მოკლული გენერლის, ყასიმ სოლეიმანის საფლავზე მოხდა. აფეთქებების შედეგად მოკლულია 100-ზე მეტი ადამიანი. მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

2021 წლის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პომპეომ და ჰუკმა თანამდებობები დატოვეს, ეს უკვე მე-13 შემთხვევაა, როდესაც ორ ყოფილ სახელმწიფო მოხელეს დაცვა დაუნიშნეს ირანისგან მომავალი საფრთხის გამო.