გაეროს ექსპერტებმა ოთხშაბათს მოუწოდეს შეერთებული შტატების ხელისუფლებას, არ დასაჯოს მსჯავრდებულები სიკვდილით აზოტის აირის გამოყენებით გამოწვეული ჰიპოქსიით. მათი თქმით, ამ მეთოდით სასჯელის აღსრულლება შეიძლება "სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან თუნდაც წამებადაც" აქციოს.
1988 წელს დაქირავებული მკვლელობისთვის მსჯავრდებულ კენეტ სმიტს 25 იანვარს ამერიკის ალაბამის შტატში სიკვდილით დასჯიან, მეთოდით, რომელიც მისთვის ჟანგბადის მიწოდების შეზღუდვას გულისხმობს.
58 წლის სმიტი ერთ-ერთია იმ ორი მსჯავრდებულიდან, რომლებიც ამერიკაში სიკვდილით დასჯის მცდელობას გადაურჩა მას შემდეგ, რაც ალაბამის შტატმა ორჯერ 2022 წლის ნოემბერში, ამის გაკეთება ინტრავენური გზით ვერ მოახერხა.
„ეს იქნება აზოტის ჰიპოქსიის გამოყენების პირველი მცდელობა“, - თქვა გაეროს ოთხმა სპეციალურმა მომხსენებელმა განცხადებაში, სადაც განმარტებულია, რომ მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს „მძიმე ტანჯვა“ და ის შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის აკრძალვას.
„ჩვენ გვაშფოთებს, რომ აზოტის ჰიპოქსია გამოიწვევს მტკივნეულ და დამამცირებელ სიკვდილს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სმიტის ადვოკატებმა თქვეს, რომ გაზის გამოყენება შესაძლოა არღვევდეს ამერიკის კონსტიტუციის მოთხოვნას „სასტიკი და უჩვეულო სასჯელების“ აკრძალვის თაობაზე. მისი უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ სმიტის ნებისმიერი მეთოდით სიკვდილით დასჯის მეორე მცდელობა არაკონსტიტუციურია.
შეერთებულ შტატებში სიკვდილით დასჯის უმეტესობა ბარბიტურატი ნივთიერებების ლეტალური დოზების გამოყენებით ხორციელდება, მაგრამ ზოგიერთ შტატს უჭირს წამლების მოპოვება ევროკავშირის კანონის გამო, რომელიც ფარმაცევტულ კომპანიებს უკრძალავს იმ პრეპარატების გაყიდვას, რომლებიცც ციხეებში სიკვდილით დასჯისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული.