გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აკრიტიკებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯა 16-წლის შემდეგ აღდგეს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს აზიანებს მრავალწლიან საერთაშორისო ტენდენციას და ძალისხმევას იმისთვის, რომ მსოფლიოში სიკვდილით დასჯა აღარ ხდებოდეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისი აცხადებს, რომ ეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეწინააღმდეგება და ამავე დროს, მსოფლიოში მიღწეულ პროგრესს აყენებს რისკის ქვეშ. ორგანიზაციის ცნობით, 194 წევრი ქვეყნიდან 170-ში კანონის ან პრაქტიკის დონეზე სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.
ადამიანის უფლებების საკითხებში პრეს-სპიკერმა რუპერტ კოლვილმა თქვა, რომ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ არაერთი არგუმენტი არსებობს. მათ შორის ყველაზე სერიოზული ის, რომ შესაძლოა ადამიანი, რომელსაც სიცოცხლის უფლება წაერთმევა, უდანაშუალო აღმოჩნდეს. ამის მაგალითები კი შეერთებულ შტატებში უკვე იყო.
"გარდა ამისა, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ სიკვდილით დასჯა რეალურად არის შემაფერხებელი ფაქტორი, არადა ეს არგუმენტი ძალიან ხშირად ისმის მის გასამართლებლად. და რა თქმა უნდა, შტატებში არსებობს შეშფოთების სხვა მიზეზებიც, რომ ის, როგორც სასჯელი, იყო გამოყენებული შერჩევითად და დისკრიმინაციულად, კონკრეტულად კი ეს მეტად ეხება ღარიბი უბნების მოსახლეობასა და უმცირესობების წარმომადგენლებს.
გასულ კვირას, ამერიკის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა ფედერალური კანონმდებლობით გასამართლებულთა სიკვდილით დასჯის შესახებ განაცხადა, მისი თქმით, პირველ ეტაპზე ხუთი მსჯავრდებული დაისჯება სიკვდილით. სასჯელის აღსრულება დეკემბრიდან უნდა დაიწყოს. ამ დროისთვის სასიკვდილო სასჯელი ამეირკაში 60 პატიმარს აქვს მისჯილი.
გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამერიკელთა 56 % სიკვდილით დასჯას მხარს უჭერს. 90-იანი წლების შუა პერიოდში ეს ციფრი თითქმის 80 % იყო.
გაეროში ამბობენ, რომ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც მსოფლიოში, ისე ამერიკაში მიღწეულ პროგრესს. 21-მა შტატმა სრულად გააუქმა სიკვდილით დასჯა. 4 შტატში კი სპეციალური, სასჯელის აღსრულების შემაკავებელი მორატორიუმები მოქმედებს. თუმცა ეს ქვეყნის მხოლოდ ნახევარია.
Facebook Forum