ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილით დასჯის კიდევ ერთი სერია ჩრდილოეთ კორეაში?


სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა გავლენიანმა გაზეთმა, პარასკევს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეამ სიკვდილით დასაჯა მისი მთავარი მომლაპარაკებელი შეერთებულ შტატებთან, მას შემდეგ რაც თებერვალში კიმ ჩენ უნსა და დონალდ ტრამპს შორის სამიტი ვიეტნამში წარუმატებლად დასრულდა.

თუმცა ექსპერტები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, დარწმუნებით ვერ საუბრობენ იმაზე, შეესაბამება თუ არა ინფორმაცია სიმართლეს. მიმომხილველები იმაზე არ ყოყმანობენ, მიიღებდა, თუ არა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მსგავს ზომებს, რადგან რეჟიმმა ფხენიანში წარსულში სიკვდილით ბევრი პირი დასაჯა, რომლებიც კიმის ოჯახის წინაშე საფრხედ აღიქმებოდნენ.

მიმომხილველებს ის აფიქრებთ, რომ სამხრეთ კორეული გამოცემები ხშირად, არასწორად აშუქებენ მსგავს ინციდენტებს. ცალკეულ შემთხვევაში, ჩრდილო კორეელი ფიგურები, რომლებიც სხვადასხვა გამოცემის მიხედვით სიკვდილით დასაჯეს, მოგვიანებით საჯარო სივრცეში გამოჩნდნენ.

კონსერვატიული გამოცემის ინფორმაციით, შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებების წამყვანი ფიგურა კიმ ჰიოკ ჩოლი მარტში სიკვდილით დასაჯეს, ოთხ სხვა ოფიციალურ პირთან ერთად, ამერიკის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. გამოცემას არ დაუდასტურებია, თუ როგორ მოიპოვა ინფორმაცია, მისი თქმით ის საკუთარ წყაროს დაეყრდნო.

„ვიტყოდი [ეს ცნობები] სიმართლის ნაწილს შეიცავს“, - ამბობს აიდან ფოსტერ კარტერი, ბრიტანელი აკადემიკოსი. „ინციდენტის ბევრი დეტალი... სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორც ჩანს ინფორმირებულ წყაროს ეყრდნობა“, - ამბობს ის.

ამ დროისთვის, ჩრდილოეთ კორეას აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. კომენტარზე უარი თქვა ასევე სეულის „გაერთიანების სამინისტრომ“. „ამერიკის ხმის“ კითხვაზე არც თეთრ სახლს და არც სახელმწიფო დეპარტამენტს ამ დრომდე არ უპასუხია.

თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ საუბარი განაახლა „ანტი-რევოლუციური“ საქმიანობის შემთხვევაში მკაცრ დამსჯელობით ქმედებებზე.

"ეს მოღალატეები და მედროვეები არიან, რომლებიც უბრალოდ ერთგულების სიტყვებს იზეპირებენ ლიდერის მიმართ და დროის ტენდენციებთან ერთადაც კი იცვლებიან", - თქვა გამოცემამ. "ასეთი ხალხი რევოლუციის მკაცრ განაჩენს თავიდან ვერ აირიდებს", - ნათქვამია სარედაქციო წერილში.

დამატებით, ვიეტნამის სამიტის შემდეგ, სამხრეთ კორეული გამოცემის მიხედვით, კიმ ჩენ უნის „მარჯვენა ხელი“ კიმ იონგ ჩოლი შრომით-გამასწორებელ ბანაკში გაგზავნეს, ხოლო ერთ-ერთი მთავარი ქალი დიპლომატი კიმ სონგ ჰი პოლიტიკური პატიმრების ბანაკში გადაიყვანეს. ამასთან, ჰანოის სამიტზე, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თარჯიმანი „თარგმნითი შეცდომის“ გამო, საპატიმრო ბანაკში გაამწესეს.

„ეს ხმები დიდი ხანია, რაც ისმის“, - ამბობს ჯეფრი ლევისი, მიდლბერის ინსტიტუტიდან. „არ ვიცი მჯერა თუ არა [ამ ხმების], თუმცა ძალზედ დეტალურები ხდებიან“, - თქვა მან სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.

ჩრდილოეთ კორეიდან სარწმუნო ინფორმაციის მიღება ძალზედ რთულია. ტოტალიტარულ ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები უკიდურესად შეზღუდულია, განსაკუთრებით როდესაც საქმე ქვეყნის მმართველებს ეხება.

გავრცელებული ცნობებით, კიმ ჩენ უნმა წარსულში რამდენჯერმე დასაჯა სიკვდილით მაღალი და დაბალი თანამდებობის პირები, მას შემდეგ, რაც 2011 წელს მამამისის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა. ყველაზე გახმაურებული შემთხვევა 2013 წელს მოხდა, როცა მან საკუთარი ბიძის და მენტორის ჯანგ სონგ ტაეკის სიკვდილით დასჯა ბრძანა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG