შეერთებულ შტატებში, საქართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან. წარმომადგენელთა პალატაში, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, გრეგორი მიქსი მომხდარს „ტვიტერზე“ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს განცხადებულ ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
„მე ძლიერ ვგმობ ძალადობას, „LGBTQI+“ აქტივისტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ საქართველოში. ეს არის დარღვევა მათი დემოკრატიული და ადამიანის უფლებების, და შეუსაბამო საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა. საქართველოს მთავრობას აქვს წმინდა ვალდებულება დაიცვას მისი ხალხის უფლებები, პასუხისმგებლობა, რომელიც სამწუხაროდ მან არ შეასრულა“, - განაცხადა კომიტეტის თავმდჯომარემ გრეგორი მიქსმა.
მკაცრი იყო ასევე შეერთებულ შტატებში რეგიონის საკითხებზე მომუშავე მკვლევარების შეფასებები. საქართველოს მეგობრები ვაშინგტონში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ძალადობაში მონაწილე პირების დასჯისკენ. დევიდ კრამერი მომხდარის შეფასებისას, საუბრობს რადიკალური ჯგუფების კავშირებზე, "ქართულ ოცნებასთან" და რუსეთთან.
„უფრო და უფრო მეტი სამხილია იმის, რომ ქართული ოცნება ამ მემარჯვენე რადიკალ ჯგუფებთან ერთად მოქმედებს, რომლებიც თავის მხრივ მოსკოვს უკავშირდებიან, იქნება ეს დაფინანსებით, თუ სხვა გზებით. თუმცა, მიუხედავად იმისა არიან თუ არა ისინი კავშირში [რუსეთთან], მთავრობამ მათ საშუალება მისცა ჩართულიყვნენ სასტიკ ძალადობაში ჟურნალისტების და მარშის მონაწილეების თუ სხვების წინააღმდეგ, არა მარტო მისცა მათ ამის საშუალება, არამედ ხელი შეუწყო, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის გავლით. ეკლესია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ჯგუფების გამოყენებაში“, - ამბობს დევიდ კრამერი, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, პროფესორი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი.
ასევე ნახეთ: ევროპარლამენტარები თბილისში მომხდარ ძალადობას ეხმაურებიანკრამერი აღნიშნავს, რომ კითხვებს აჩენს, ხელისუფლების მხრიდან, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, რადიკალური ჯგუფების მხრიდან ძალადობის დროს, ძალის არ გამოყენება.
„[მთავრობა] ისე ჩანს, რომ მის სასარგებლოდ არჩევს თუ როდის უნდათ უსაფრთხოების ძალები გამოიყენონ, განსაკუთრებით, როცა ოპოზიციასთან აქვთ საქმე. თუმცა როცა საქმე მემარჯვენე ჯგუფების ძალადობის აღკვეთას ეხება, პოლიცია არ ჩანს. მეტიც, მე ვიტყოდი, რომ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი, საშიშროების ქვეშ აქცევენ პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც მოუმზადებლები არიან ხალხის ამ ტალღასთან გამკლავებისთვის. [მომხდარი] ასევე აჩვენებს იმას, რომ ქართული ოცნება წავა ნებისმიერ რამეზე, რათა დარჩეს ხელისუფლებაში, ადგილობრივი არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. რადგან ახლა, უკვე მოხდა შეთანხმება [43 პროცენტზე] , რომელიც გადაწყვეტს იმას, ჩატარდება, თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ აქ ბევრი რამეა სასწორზე. ვფიქრობ, ქართული ოცნების მთავრობის ქცევა [5 ივლისს] სამარცხვინო იყო“, - ამბობს ის.
კრამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადადგომისკენ.
„გუშინ მე მოვითხოვე, პრემიერ-მინისტრის გადადგომა. ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ ის უნდა გადადგეს, თუ სურს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას. მან ოპოზიციას დასდო ბრალი, რადიკალურ ოპოზიციას, მარშის ხელშეწყობაში, შემდეგ თქვა, რომ მარში არ იყო მისაღები მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ჩემი აზრით, მან ხელი შეუწყო და წაახალისა ეს ძალადობა და არაფერი გაუკეთებია მის შესაჩერებლად, და პირიქით, ის ხალხი გააკრიტიკა, ვისაც არანაირი როლი არ ქონია ამაში. ვფიქრობ ეს იყო საკუთარი თავისა და ოფისის დისკრედიტაცია, ვფიქრობ დროა გადადგეს და დროა, რომ დასავლეთში, შეერთებულ შტატებში განსაკუთრებით, მის წინააღმდეგ სანქციების მიღება განვიხილოთ. ეს მაშინაც ვთქვი, როცა მელია დააკავეს, როცა ის პრემიერის პოსტზე დაბრუნდა და რამდენიმე საათში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისის რეიდი ვიხილეთ. ეს კაცი, ჩემი აზრით არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დროა ის წავიდეს“, - განაცხადა მან.
საქართველოს მთავრობას მომხდარის გამოძიებისკენ და ძალადობაში მონაწილე პირების დასჯისკენ მოუწოდებს ასევე, კარნეგის ფონდის მკვლევარი პოლ სტრონსკი.
„საქართველოს მთავრობას აქვს უფლება ყველას მისცეს თავისუფალი სიტყვის და გამოხატვის საშუალება. თუმცა, ასევე აქვთ პასუხისმგებლობა დაიცვან ადამიანის უფლებები. ჩანდა, რომ [5 ივლისს] ქალაქში ბრბო მოძრაობდა. ჟურნალისტების და LGBT თემის მიმართ მოქცევა და დაშინება, ძალზედ შემაშფოთებელი იყო. არ ჩანდა, რომ მთავრობამ მოახერხა კონტროლის დამყარება. ასევე ვიხილეთ ყალბი ბრალდებები პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელიც ოპოზიციისთვის ამის დაბრალებას ეცადა... ამიტომ ვინ არის პასუხისმგებელი? პასუხისმგებლები არიან ეს ხულიგნები (thugs) და ის რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ძალადობა საკუთარ თავზე აეღოთ. მთავრობა ამ კუთხით პასუხისმგებელია, რომ ვერ მოახერხა ძალადობის აღკვეთა და ცდილობდა, ბრალი სხვებისთვის დაედო. თუმცა საბოლოოდ, მოძალადეები არიან პასუხისმგებლები და მთავრობის, ყველა შესაფერისი მთავრობის ვალდებულებაა შესაბამისად გამოიძიოს [მომხდარი] და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს, თუნდაც ისინი მთავრობის მხარეს მყოფი ხალხი იყოს“, - ამბობს პოლ სტრონსკი, კარნეგის ფონდის მკვლევარი.
ასევე ნახეთ: სახელმწიფო დეპარტამენტი: პოლიტიკურმა ლიდერებმა დაგმონ ძალადობასტრონსკი აცხადებს, რომ რადიკალი მემარჯვენე ჯგუფები მხოლოდ საქართველოს პრობლემა არაა და საჭიროა იმის შესწავლა, თუ საიდან იღებენ მხარდაჭერას ეს ჯგუფები.
„ჩვენ ვხედავთ რადიკალ მემარჯვენე ჯგუფებს მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის მასშტაბით და შეერთებულ შტატებში. საკითხი თუ საიდან იღებენ ისინი დაფინანსებას და როგორ ახერხებენ ორგანიზებას ძალზედ ფრთხილადაა შესასწავლი. შესასწავლია, ეს საქართველოს შიგნიდან მოდის, თუ მეზობელი ქვეყნებიდან.... საქართველოს მთავრობას აქვს ამის ძალზედ სამართლიანად გამოძიების პასუხისმგებლობა. თუმცა, ბევრ ადამიანს არ აქვს ახლა საქართველოს მთავრობისადმი ნდობა. ამიტომ ამ ყველაფრის გამჭვირვალედ გაკეთება, კარგი იქნებოდა“, - განმარტავს ის.
მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს ასევე „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ წამყვანი მკვლევარი და გამოცემა „სანდეი თაიმსის“ მესვეტე, ედვარდ ლუკასი.
ასევე ნახეთ: "გულისამრევი" - ქვეყნის გარეთ თბილისის მოვლენებს აფასებენ„ექსტრემისტები ყველა ქვეყანაში არიან. ყველა ქვეყანაში შეიძლება ნახო მოძალადე ექსტრემისტების მიერ ცუდი ქმედებების ჩადენა, თუმცა მოელი, რომ პოლიცია დაიცავს სუსტს ძლიერის წინააღმდეგ და დასჯის მოძალადეებს. ასევე მოლოდინი იყო, რომ მთავრობა გამოვიდოდა პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის უფლების მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ეს პოლიტიკურად და ორგანიზაციული კუთხით, უდიდესი ჩავარდნაა და ძალიან ცუდია საქართველოს იმიჯისთვის მსოფლიოს თვალში. ეს ძალიან ცუდია ასევე საქართველოს შიდა კლიმატის კუთხით, რადგან აჩვენებს, რომ დაშინება მუშაობს და ხალხს არ აქვს კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობის საშუალება“, - ამბობს ედვარდ ლუკასი.
მიმომხილველები საუბრობენ გამოხატვის და შეკრების და თავისუფლებების დარღვევაზე და ამბობენ, რომ ეს დემოკრატიული ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ჯონათან კაცი, გერმანიის მარშალის ფონდის, ევრაზიის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა იყო.
ასევე ნახეთ: პატიმრობა 3 დღე - სასამართლოს განაჩენი მოძალადეს„მთავრობას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრება და გამოხატვის თავისუფლება. უზრუნველყოს ეს მიუხედავად იმისა თუ ვინ აპროტესტებს, იქნება ეს პრაიდი, პოლიტიკური შეკრება თუ სხვა აქტივობა. ამიტომ პასუხისმგებელი ხელისუფლებაა. ამიტომ ვხედავთ საერთაშორისო საზოგადოების ასეთ მკაცრ რეაქციას, მათ სურთ იხილონ მთავრობის მხრიდან მოქმედება. როცა ხედავ თავდასხმებს და კადრებს არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ ჟურნალისტების ცემას, ეს არა მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის საკითხს უკავშირდება, არამედ უსაფრთხოებასაც. საქართველოს სურს იყოს დემოკრატიული ქვეყანა, ევროკავშირის და ნატოს წევრი, სურს ეს იმიჯი დაიცვას. ვფიქრობ არაფერი არაა უფრო მნიშვნელოვანი დემოკრატიაში, ვიდრე მოქალაქეების და მათი მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის უფლებების დაცვა“, - ამბობს კაცი.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ასევე სახელმწიფო დეპარტამენტი. ამერიკის საგარეო უწყებამ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მომხდარის დაგმობისკენ მოუწოდა. 5 ივლისს განვითარებული მოვლენებისას 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, რამდენიმე საათის განმავლობაში რადიკალური ჯგუფები თბილისის ქუჩებში აქტივისტებს ეძებდნენ და დაარბიეს ორგანიზაციების „თბილისი პრაიდი“ და "სირცხვილიას" ოფისები.