"როიტერი": ამერიკა გაეროს ღაზაში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის თაობაზე რეზოლუციას სთავაზობს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოში რეზოლუციის პროექტი წარადგინა. ამ პროექტის თანახმად, საბჭომ უნდა დაუჭიროს მხარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დროებით შეთანხმებას და ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, როგორც კი ეს პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" აქვეყნებს იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლის გაცნობის საშუალებაც მიეცა.

ვაშინგტონი ამ დრომდე არ ეთანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე გაეროს შემოთავაზებულ ნაბიჯებს ისრაელ-"ჰამასის" ომის კონტექსტში. მაგრამ ამერიკის მიერ შეთავაზებული ვერსიის ტექსტი ახლა იმავე პათოსს იმეორებს, რომლითაც ჯო ბაიდენის თქმით, ის გასულ კვირას ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს ესაუბრა.

შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ ვარიანტში ასევე საუბარია იმაზე, რომ ახლანდელ გარემოებებში ქალაქ რაფაზე სერიოზული სახმელეთო იერიში ლტოლვილთა დამატებით ნაკადებს წარმოქმნის, მათ შორის შესაძლოა, მეზობელი ქვეყნების მიმართულებითაც.

ისრაელი ამბობს, რომ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაზე თავდასხმას აპირებს. იქ ახლა თავს მილიონზე მეტი პალესტინელი აფარებს. ისინი ისრაელის იერიშების შემდეგ სწორედ სამხრეთით გაიქცნენ. ამ ქალაქზე თავდასხმის მოლოდინი კი ზრდის იმის შიშს, რომ სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაუარესდება.

ამერიკის შეთავაზებული რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ამ ქმედებას სერიოზული გავლენა ექნება რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანი სახმელეთო იერიში ახლანდელ გარემოებებში არ უნდა მოხდეს. თუმცა ჯერჯერობით ჟურნალისტებისთვის უცნობია, გაიტანენ თუ არა 15-წევრიანი საბჭოს კენჭისყრაზე რეზოლუციას.

ალჟირის წარმომადგენელმა ქვეყნის მიერ წარმოდგენილი რეზოლუციის პროექტის სამშაბათს კენჭისყრაზე დაყენება მოითხოვა. ის ომში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვდა ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე. ამერიკის ელჩმა გაეროში მალევე მიანიშნა, რომ ამ რეზოლუციას შეერთებული შტატები ვეტოს დაადებდა.

ასევე ნახეთ: ისრაელი რაფაზე იერიშით იმუქრება, თუ რამადანამდე "ჰამასი" მძევლებს არ გამოუშვებს

ვაშინგტონმა ვეტოს უფლება გაეროში ისრაელის ქმედებებისადმი მიმართული რეზოლუციების წინააღმდეგ, 7 ოქტომბრის შემდეგ უკვე ორჯერ გამოიყენა. თუმცა ასევე, ორჯერ შეიკავა თავი ხმის მიცემისგან, რამაც გაეროს საშუალება დაუტოვა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების და ბრძოლაში დროებითი პაუზების შესახებ რეზოლუციები დაემტკიცებინა.

ამერიკის, ეგვიპტის, ისრაელისა და კატარის წარმომადგენლები ცდილობენ კვლავ მიაღწიონ შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდება ომში დროებითი პაუზის აღება და მძევლების გათავისუფლება. 7 ოქტომბრის თავდასხმისას "ჰამასის" მებრძოლებმა, რომელსაც დასავლეთის ბევრი ქვეყანა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ისრაელზე თავდასხმისას 1,200-ზე მეტი ადამიანი დახოცეს და 250-ზე მეტი მძევლად გაიტაცეს. ისრაელმა ღაზის სექტორზე საჰაერო და სახმელეთო იერიშები მიიტანა , რომელთაც "ჰამასის" მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის უწყების ცნობით, 28,000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბევრი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.