ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები აშშ-ში

ეკონომიკა და საგარეო პოლიტიკა დებატების მტავარი საგანი გახდა
ამერიკის ვიცე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ვიცე პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, პოლ რაიანმა სატელევიზიო დებატების დროს როგორც ეკონომიკური ასევე საგარეო პოლიტიკის საკითხებზე იკამათეს. 90-წუთიანი დებატების მსვლელობისას, რომელიც პირდაპირ ეთერში ნაციონალურ არხებზე გადაიცემოდა, ბაიდენმა და რაიანმა ერთმანეთს სიტყვა არაერთხელ გააწყვეტინეს.

საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, ბაიდენმა ლიბიაში ამერიკის ელჩისა და სამი ამერიკელის მკვლელობის ფაქტს ტრაგედია უწოდა და ადმინისტრაციის მიერ რეაგირების კურსი გაამართლა:

„ჩვენ ვიპოვით ადამიანს, რომელმაც ეს ჩაიდინა და აუცილებლად გავარკვევთ რა მოხდა. ფაქტებზე დაყრდნობით, ამერიკის საზოგადოებას ვამცნობთ, რა შეცდომები დავუშვით და ამ შეცდომებს აღარასოდეს გავიმეორებთ.“

ამ განცხადებაზე რაიანი ბაიდნს ჩაეძია და ელჩის დაღუპვის მიზეზად არაადეკვატური უსაფრთხოების ზომები დაასახელა:

„ჩვენს ელჩს პარიზში საზღვაო ქვეითების დანაყოფი იცავს. რატომ არ იცავდნენ საზღვაო ქვეითები ამერიკის ელჩს ბენღაზიში, სადაც ვიცით, რომ ალ ყაიდას შეიარაღებული დაჯგუფებები არიან?“

ოპონენტები საკუთარ პოზიციებს საკმაოდ აგრესიულად იცავდნენ. ბაიდენმა რაიანს ის გაუხსენა, თუ კონგრესმენის ამპლუაში როგორ მისცა მან ორი ომის ხარჯების „საკრედიტო ბარათებით“ დაფარვას ხმა. რაიანმა კი ობამას ადმინისტრაცია იმაში დაადანაშაულა, რომ ამერიკის მოსახლეობის 15 პროცენტი დღეს სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს.